უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ბევრმა დასავლურმა კომპანიამ რუსეთის ბაზარი პროტესტის ნიშნად დატოვა, მაგრამ წამყვანი ამერიკული და ევროპული ბრენდების პროდუქცია რუსულ მაღაზიებში ჯერაც იყიდება. ერთ-ერთი ასეთი პროდუქტი გამაგრილებელი სასმელი “კოკა-კოლაა”, რომელიც, როგორც ჩანს, რუსეთში თალიბანის მიერ კონტროლირებული ავღანეთიდან შედის. როგორც ავღანეთში რუსეთის ელჩმა, დმიტრი ჟირნოვმა “რია ნოვოსტისთან” განაცხადა, ავღანეთი რუსეთს მოამარაგებს, როგორც გაზიანი და ენერგეტიკული სასმელებით, ასევე სანელებლებით, ძვირფასი ქვებით და მეტალურგიული მადნებით.
ავღანეთიდან შემოსული “კოკა-კოლის” ყიდვა რუსულ მაღაზიებში უკვე შეიძლება. Ozon-ზე, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს მაღაზიაა, ცხრა ქილისგან შემდგარი შეკვრა 700 რუბლი ღირს, რაც დაახლოებით 22 ლარია. “კოკა-კოლის” პირველი ქარხანა ავღანეთში ჯერ კიდევ 2006 წელს ამოქმედდა. ქარხანაში, რომელსაც ადგილობრივი კომპანია Habib Gulzar Non-Alcoholic Beverages მართავდა, წელიწადში 120 მილიონ ბოთლს ასხამდა. ავღანეთში რეჟიმის ცვლილების შემდეგ, ქარხანაზე კონტროლი თალიბანმა მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ, The Coca-Cola Company-ში შემავალი სხვადასხვა ბრენდის, მათ შორის Coca-Cola-ის, Fanta-ს, Sprite-ის სასმელების წარმოება რუსეთშიც ფუნქციონირებდა. თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ კომპანიის მფლობელმა ამერიკულმა ჰოლდინგმა ქვეყნიდან გასვლა გადაწყვიტა, ხოლო ადგილობრივი კომპანია Coca-Cola HBC Eurasia ადგილობრივ ბიზნესმენებს მიჰყიდა, რომელთაც ცნობილი გაზიანი სასმლის რუსული ანალოგის, Добрый Cola-ს ჩამოსხმა დაიწყეს. ამ სასმლის რეცეპტი და გემოვნური თვისებები ამერიკულისგან მკვეთრად განსხვავდება.