რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილში, კამჩატკის კუნძულზე 8.8 მაგნიტუდის მიწისძვრამ 5 მეტრამდე სიმაღლის ცუნამის ტალღები გამოიწვია, რასაც წყნარი ოკეანის რეგიონსა და იაპონიაში მოსახლეობის ევაკუაცია მოჰყვა.
რუსეთის შორეულ რეგიონში მიწისძვრის შედეგად დაზარალდა რამდენიმე ადამიანი, დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც. იაპონიაში კი, ქვეყნის აღმოსავლეთ ზღვისპირეთში - რომელიც 2011 წელს 9.0 მაგნიტუდის მიწისძვრამ და ცუნამმა გაანადგურა - ევაკუაცია გამოცხადდა.
აშშ-ის სანაპირო დაცვამ, ცუნამის ტალღების მოახლოებასთან ერთად, სანაპიროს ახლოს მოსახლეობას შემაღლებულ ადგილებსა და მაღალ შენობებში თავის შეფარებისკენ მოუწოდეს, ნავსადგურებიდან გამოიყვანეს გემებიც. ჰავაის კუნძულს ცუნამის 1-1.2 მეტრიანმა ტალღამ, თბილისის დროით, 10:00 საათზე (06:00 GMT) დაარტყა. გაუქმდა ყველა ფრენა მაუიდან და მისი მიმართულებით.
აშშ-ის გეოლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრის სიღრმე 19.3 კმ იყო, ეპიცენტრი კი პეტროპავლოვსკ-კამჩატკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 119 კმ-ში იყო. განმეორებითი ბიძგების მაგნიტუდამ 6.9-ს მიაღწია.
სტიქიამ იაპონიამდეც მიაღწია, სადაც ცუნამის ტალღების სიმაღლე 1-დან 3 მეტრამდე მერყეობს.
280 000 მოსახლის ევაკუაცია განხორციელდა შანხაიშიც, სადაც, ტროპიკული შტორმის გამო გაუქმდა ასობით ფრენა და საბორნე მომსახურება. ავტომობილებისა და მატარებლებისთვის კი სიჩქარის ლიმიტები დაწესდა.
კერძოდ, ოთხშაბათს დილით ჟეჟიანგის პროვინციის პორტის ქალაქ ჟოუშანში ტაიფუნ Co-May-ის დარტყმას მალევე მოჰყვა გაფრთხილებები რუსეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ცუნამის შესახებაც, რამაც შტორმის გაძლიერების საფუძველი გააჩინა.
შანხაი იშვიათად ხდება ძლიერი ტაიფუნების პირდაპირი დარტყმის სამიზნე. ბოლო წლებში ყველაზე მასშტაბური შტორმი გასულ წელს იყო, მანამდე კი 1949 წელს.
ჩინეთის საზღვაო გარემოს ეროვნული პროგნოზირების ცენტრის ცნობით, მიწისძვრით გამოწვეულ ცუნამს, სავარაუდოდ, „კატასტროფული გავლენა“ ექნება ჩინეთის სანაპიროს ზოგიერთ ნაწილზე, მათ შორის შანხაისა და ჟოუშანზე. ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ასევე გაავრცელა გაფრთხილება ცუნამის შესახებ ორ ქალაქში, რომლებსაც შესაძლოა, 1 მეტრამდე სიმაღლის ტალღები დაატყდეს თავს.




























