მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთში მოსახლეობას ჯერ არ აქვს სანქციების განცდა, მაგრამ გამკაცრების ეფექტი, ნელ-ნელა მათ ჯიბეებამდეც მივა - ეკონომიკის დოქტორი

ვახტანგ ფარცვანია

რუსეთში მოსახლეობას ჯერჯერობით არ აქვს სანქციების განცდა, მაგრამ სანქციების გამკაცრების ეფექტი, ნელ-ნელა მათ ჯიბეებამდეც მივა, - ამის შესახებ კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა და ეკონომიკის დოქტორმა ვახტანგ ფარცვანიამ გადაცემა “ანალიტიკაში” ისაუბრა.

მისი თქმით, ჯერჯერობით რუსეთში დასავლეთის სანქციების გამო რთულ ვითარებაში ქარხნებია, რომელთა წარმოებაც შემცირებულია, ეს კი ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება. ამასთან, როგორც ვახტანგ ფარცვანია აცხადებს, გამომდინარე იქიდან, რომ სანქციების პაკეტები რუსეთის წინააღმდეგ იზრდება, სანქციების ეფექტიც ყოველთვიურად მზარდია.

„რუსეთის ეკონომიკა მომზადებული იყო სანქციებისთვის 2014 წელს, როცა ყირიმის დაკავების შემდეგ, მის წინააღმდეგ დასავლეთმა სანქციები აამოქმედა, თუმცა მას დიდი გავლენა არ ჰქონდა, ვინაიდან მაშინ უფრო ინდივიდუალური სანქციები იყო და სექტორებზე ეფექტი არ ჰქონდა. თუმცა, უკვე 2022 წლის ომის შემდეგ სულ სხვა მასშტაბის სანქციები შემოვიდა და სექტორებს დაარტყა, მათ შორის ენერგოსექტორს, ფინანსურ სექტორს, რის შემდეგაც რუსეთმა სანქციების შერბილების ერთგვარი სტრატეგია გამოიყენა, რომელიც მოქმედებდა 1-2 წელი. მაგალითად, პარალელური იმპორტის ლეგალიზაცია მოხდა, ანუ ბრენდული პროდუქცია რუსეთში არაოფიციალური წყაროებიდან შედის, ამიტომ რუსებს არ აქვთ სანქციების განცდა.

გამომდინარე იქიდან, რომ თვეების და წლების განმავლობაში სანქციების პაკეტები იზრდება და დღეს უკვე მე-19 პაკეტზე საუბრობენ, სანქციების ეფექტიც ყოველთვიურად იზრდება“, - აღნიშნა ფარცვანიამ.

მისივე თქმით, ახლა უფრო ცხადია, რომ რუსეთის ეკონომიკური პოტენციალი მცირდება. მან ასევე პარალელური იმპორტის გამო, რუსეთში შექმნილ საფრთხეებზეც ისაუბრა.

“სანქციებს ყველაზე დიდი გავლენა აქვს წარმოებაზე. უფრო მეტად იმ ქარხნებს, რომლებიც იმპორტზეა დამოკიდებული, დიდი პრობლემები აქვთ, შეზღუდული აქვთ ტრანზაქციები.

მათ შორის ის სექტორი, რომელიც უფრო განვითარებულია, მაგალითად, ავიაცია - 700 თვითმფრინავია რუსეთის ოპერატორების ექსპლუატაციაში, მათ ნაწილები სჭირდებათ, ნაწილები ვერ შედის რუსეთში, უნდა იპოვონ სხვა ქვეყნებში, რომლებიც სანქციებს არ ემთხვევა, მაგრამ ესეც რთულია, არაოფიციალური ან არაორიგინალი ნაწილების შეტანა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს აჩენს. რამდენიმე დღის წინ რუსეთმა გაეროსაც მიმართა სანქციების შერბილების თხოვნით, ვინაიდან მათი უსაფრთხოების პრობლემა იმატებს ამ სფეროში.

სხვა მაგალითია ავტოქარხნები. ომამდე წარმოების შესაძლებლობა წელიწადში იყო 3 მლნ მანქანა, 2024 წელს კი - 700 000-800 000 მანქანამდე ჩამოვიდა, დანარჩენი შემოდის ჩინეთიდან, ჩინური კომპანიების კონკურენცია კი რუსეთში დარჩენილ იმ პატარა ქარხნებს ურტყამს, როგორიცაა „ლადა“, „კამაზი“, „ავტოვაზი“. დასავლური კომპანიების ქარხნები კი შეჩერებული არიან ან პატარა წარმოება აქვთ“, - განაცხადა ვახტანგ ფარცვანიამ და დასძინა, რომ პერსპექტივაშიც არ ჩანს, რომ დაემატოს წარმოება, ვინაიდან სანქციების გამო გართულებულია ტრანზაქციებიც. Swift-დან გათიშულია ბანკები.

კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა და ეკონომიკის დოქტორმა რუსეთში გაზრდილ ინფლაციასა და სესხების გაძვირებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს იქნება პირველი წელი, როცა რუსეთის ბიუჯეტი დეფიციტური იქნება.

„ფასები იზრდება, არის ინფლაცია, რომელიც ექსპერტების თქმით, 20%-ზეც ადის და ამის კიდევ გაგრძელება იქნება, ვინაიდან ფასების ზრდა ყველა სექტორში ცხადია. ცენტრალური ბანკის რეფინანსირების განაკვეთი ახლა არის 17%, ანუ სესხებიც გაძვირდა ძალიან ძლიერად. იპოთეკა 2022 წელს დასუბსიდირებული როცა იყო, სამშენებლო კომპანიები მუშაობდნენ, მაგრამ 2024 წლის მეორე ნახევარში იპოთეკური სესხების სუბსიდირება გააჩერეს, სამშენებლო კომპანიებიც გაჩერდა. შესაბამისად, რუსეთში ორი წლის წინ რომ მშენებლობა მიმდინარეობდა, ახლა ასე აღარ არის.

რუსეთის ბიუჯეტი ომამდე სულ პროფიციტული იყო, ამ წლის ბოლოს კი უკვე დეფიციტია. ეს ნიშნავს იმას, რომ რეზევრებიც მცირდება. ქვეყანას დაფინანსების გარე წყაროები აღარ აქვს. ამიტომ დაფინანსება ხდება შიდა რესურსებით. მაგალითად, ომამდე დღგ 18% იყო, შემდეგ 20%-მდე გაიზარდა, იანვრიდან კი 22% იქნება. ეს უკვე ნელ-ნელა მოქალაქეების ჯიბემდეც მივა“, - განაცხადა ვახტანგ ფარცვანიამ.

ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კიდევ ერთხელ შეამცირა. IMF-ის მოლოდინით, წელს რუსეთის ეკონომიკა 0.6%-ით გაიზრდება, ნაცვლად აქამდე პროგნოზირებული 0.9 პროცენტისა. 2026 წელს IMF-ში მოელიან, რომ რუსეთის ეკონომიკა 1%-ით გაიზრდება, ხოლო 2030 წლისთვის საშუალო ზრდის მაჩვენებელი 1.1%-ის ფარგლებში იქნება, რაც ასევე შემცირებული მაჩვენებელია. IMF-ის შეფასებით, სამთავრობო ბიუჯეტის დეფიციტის რეკორდული ზრდა, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, საერთაშორისო სანქციები და იზოლაცია რუსეთის ეკონომიკურ პერსპექტივას აუარესებს, რაც ზრდის ტემპს ამცირებს.

რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ 2025 წლის ეკონომიკური ზრდის ოფიციალური პროგნოზი 2.5%-დან 1.5%-მდე შეამცირა. უწყების განმარტებით, მკვეთრად გაზრდილი სამხედრო ხარჯებისა და მაღალი საპროცენტო განაკვეთების ფონზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები