რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სწრაფი შეტყობინებების გაცვლის სერვისის მუშაობას არეგულირებს. საქმე ეხება Telegram-არხებს.
რუსული მედიის ცნობით, დოკუმენტი სამართლებრივი ინფორმაციის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. კანონის მიხედვით, Telegram-არხების მფლობელები, რომლებსაც 10 000 მეტი გამომწერი ჰყავთ ვალდებულნი არიან თავისი მონაცემები, მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად „როსკომნადზორს“ წარუდგინოს. იმ შემთხვევაში თუ 10 ათასზე მეტი გამომწერის მქონე არხის მფლობელი არ დარეგისტრირდება მარეგულირებელ უწყებაში, მას აეკრძალება რეკლამის განთავსება, არხის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სხვა არხების მიერ გაზიარება, არხის და მისი მფლობელის დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
აღნიშნული კანონი ასევე კანონი ასევე არეგულირებს ურთიერთობას ფიჭური კავშირის ოპერატორებსა და აბონენტებს შორის, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს შორის მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევისას. კანონის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებს 20-ზე მეტი სიმ-ბარათის ფლობის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 10-ზე მეტი სიმ-ბარათის ფლობა ეკრძალებათ, მათ შორის კორპორაციულის.
კანონი ადგენს, რომ კავშირგაბმულობის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქე პირადად უნდა მივიდეს კომპანიაში და თავისი ბიომეტრიული მონაცემების წარდგენით კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმოს. ონლაინ შეთანხმების გაფორმება იკრძალება. ამასთან, ხელშეკრულებაში მითითებული იქნება IMEI-მოწყობილობა, რომლითაც გამოიყენება სიმ-ბარათი. ეს მოთხოვნები არ ვრცელდება დიპლომატებზე და მათი ოჯახის წევრებზე.
შემოწმების შემდეგ ოპერატორმა მონაცემები „როსკომნადზორის“ სიმ-ბარათების სახელმწიფო საინფორმაციო სისტემაში უნდა გადააგზავნოს.
მობილური ქსელების ოპერატორები 2025 წლის პირველ ივლისამდე ვალდებუნი იქნებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან შეთანხმებები კანონთან შესაბამისობაში მოიყვანონ, წინააღმდეგ შემთხვევაში უცხოელებს ამ მომსახურებას არ გაუწევენ. ხოლო ქსელის ოპერატორებმა რუსეთის მოქალაქეების აბონენტების შესახებ, კორპორაციული მომხმარებლის და სიმ-ბარათების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია 2025 წლის პირველ ნოემბრამდე უნდა გადაამოწმონ, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი მომსახურება არ გაუწიონ.
2030 წლამდე, მთავრობას უფლება ექნება დაადგინოს კანონის ახალი დებულებების გამოყენების სპეციფიკა რუსეთის ფედერაციის ახალ შემადგენელ სუბიექტებში, ასევე საზღვრისპირა რეგიონებში.