მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რუსეთში ქართული ღვინოები 1.2 დოლარად გადის ექსპორტზე. აქციზის გასამმაგება დარტყმა იქნება” - ვასილ მანაგაძე

ღვინო

1-ელი მაისიდან, რუსეთში იმპორტირებული ალკოჰოლური სასმლის ზოგიერთ სახეობაზე, მათ შორის, ღვინოზე, აქციზი 3-ჯერ გაიზრდება. ზრდა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. Tass-ის ცნობით, შესაბამის განკარგულებას ვლადიმირ პუტინმა ხელი გასული წლის ნოემბერში მოაწერა.

როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე 1 ლიტრ ღვინოზე აქციზი 34 რუბლია, რომელიც დაახლოებით 1 ლარია. ცვლილებების შემდეგ კი, აქციზის გადასახადი ლიტრზე 109 რუბლი, ანუ 3 ლარი და 13 თეთრი იქნება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი და კომპანია მხოლოდ კარგი ღვინოების დამფუძნებელი გვიხსნის, რომ რუსეთის მხრიდან აქციზის გაზრდა განსაკუთრებით იმ კომპანიებს დააზარალებს, რომლებიც რუსეთის ბაზარზე ღვინოს დაბალ საფასო კატეგორიაში, ხშირ შემთხვევაში აქციზის ღირებულებაზე იაფადაც კი ყიდიან. ვასილ მანაგაძის თქმით, ეს კიდევ ერთი მაგალითია რატომ უნდა ეძიონ ქართველმა მეღვინეებმა გასაღების ახალი და სტაბილური ბაზრები.

“რუსეთის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება მეღვინეებისთვის კარგი არ არის, თუმცა ეს განსაკუთრებულად შეეხებათ იმ მეღვინეებს, ვინც თავიანთ პროდუქციას რუსეთში საკმაოდ დაბალ ფასად ყიდიან. არის პროდუქტები, რომელიც 1-1.20 დოლარად საფასო სეგმენტში გადის საქართველოდან. რა თქმა უნდა, აქციზის ამ ოდენობით ზრდა მათთვის გარკვეული დარტყმა იქნება. პრობლემა რუსეთთან არაერთხელ გვქონია, ამიტომ ჩვენი მიზანი არის რომ სათადარიგო გეგმა ყოველთვის გვქონდეს, რომ ამხელა დამოკიდებულება რუსეთზე არ გვქონდეს. ეს პრობლემა ისევ პრობლემად რჩება, ალტერნატიული ბაზრები აუცილებლად უნდა მოვიძიოთ."-ამბობს ვასილ მანაგაძე.

ცნობისთვის, ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარი დღესაც ისევ რუსეთია. 2023 წელს ღვინის ექსპორტის თითქმის 66% ჩრდილოელ მეზობელზე მოდიოდა. საქართველომ გასულ წელს ღვინის ექსპორტით 259 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელს მცირედით, 2.6%-ით აღემატება. შედეგად, მთლიან ექსპორტში ყურძნის ნატურალური ღვინოების წილმა 4.3% შეადგინა და მან ექსპორტირებული საქონლის რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები