მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთში, შესაძლოა, საბანკო კრიზისი დაიწყოს

რუსეთი

რუსეთის ფედერაციის ეკონომიკაში საქმე იმაზე გაცილებით ცუდადაა, ვიდრე ეს ოფიციალურადაა ცნობილი. Bloomberg-ის ცნობით, რუსეთის უდიდესი ბანკების მენეჯერები მომდევნო ერთ წელიწადში ქვეყანაში სისტემური საბანკო კრიზისის დაწყებას არ გამორიცხავენ, რასაც საბალანსო უწყისზე “ცუდი” სესხების წილის არამდგრად ზრდას უკავშირებენ. აღნიშნული უკავშირდება, როგორც 20%-იან რეფინანსირების განაკვეთს, ასევე რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაწესებულ სანქციებს, რამაც ქვეყანას კაპიტალი გაუძვირა.

როგორც წყაროები Bloomberg-თან აღნიშნავენ, თუ მომდევნო ერთ წელიწადში ვითარება დრამატულად არ გამოსწორდება, ქვეყანაში სახიფათო მდგომარეობა შეიქმნება, ხოლო კრიზისი მთელ საფინანსო სისტემას მოედება. ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, ქვეყანაში მომატებული რისკების შესახებ ისინი კორპორაციულ და მდიდარ კლიენტებს უკვე ატყობინებენ, რაც კრიზისის შესაძლო დაწყების მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რადგან ეს ბანკების მხარეს რისკის აღების თაობაზე არსებულ ყოყმანზე მიგვანიშნებს.

თუკი რუსეთში საბანკო კრიზისი მართლაც დაიწყო, ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაში ომის წარმოების საკითხთან დაკავშირებით ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ დამატებითი კითხვები გაჩნდება. ნავთობი და გაზი, როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნადაა გაიაფებული, რაც რუსეთის სახელმწიფო შემოსავლებს ამცირებს. შედეგად, იზრდება რუსეთის დამოკიდებულება საგარეო და შიდა ვალზე, რაც ზრდის საბიუჯეტო დეფიციტს, რომელიც, ამ დროისთვის, $45 მილიარდს შეადგენს.

რუსეთში ვითარება იმდენად საგანგაშოა, რომ ამ თემაზე ღიად საუბარს არც ოფიციალური პირები ერიდებიან. როგორც რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა, მაქსიმ რეშეტნიკოვმა პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რუსეთის ეკონომიკა რეცესიის ზღვარზეა. რუსეთ-უკრაინის ომმა და სანქციებმა ეკონომიკური ზრდა შეანელა, რასაც მთავრობამ თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა დაუპირისპირა, მაგრამ გრძელვადიანად ინფლაცია მაინც იზრდება, ხოლო რუსეთში უცხოური ინვესტიციები უფრო და უფრო იკლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები