მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთში სპირტიანი სასმელების იმპორტზე ბაჟი, შესაძლოა, კვლავ გაიზარდოს - რუსული მედია

სპირტიანი სასმელები

რუსეთში, არამეგობრული ქვეყნებიდან ალკოჰოლური სასმელების იმპორტზე ბაჟი, შესაძლოა, კვლავ გაიზარდოს. ამის შესახებ „კომერსანტი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

რუსული მედიის ცნობით, ხელისუფლება 2026 წლის მაისიდან არამეგობრული ქვეყნებიდან შემოტანილ მაგარ ალკოჰოლზე ბაჟის გაზრდას არსებული 3 ევროდან 5 ევრომდე გეგმავს. „კომერსანტის“ ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება შესაძლოა აპრილშივე მიიღონ.

რუსი ექსპერტები რეგულაციის გამკაცრების პირობებში ადგილობრივ ბაზარზე უცხოური სპირტიანი სასმელების რაოდენობის შემცირებას და გაძვირებას ვარაუდობენ, თუმცა მათივე შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ადგილობრივი კომპანიების ხელშემწყობი იქნება.

„ბაჟის გაზრდა რუსულ კონიაკსა და ვისკიზე მოთხოვნის ვარდნის შემცირებას დაეხმარება“, - წერს რუსული გამოცემა წყაროზე დაყრდნობით.

ფინანსთა სამინისტროში (ალკოჰოლის ბაზრის რეგულატორი) „კომერსანტის“ კითხვებს არ უპასუხეს. ჯერჯერობით არაფერია ცნობილი იმაზე, კონკრეტულად რომელი ქვეყნებიდან ალკოჰოლის იმპორტზე გაიზრდება ბაჟი.

უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი ბაზრის დაცვის მიზნით, 2024 წლის 1-ელი მაისიდან რუსეთში იმპორტირებული ალკოჰოლური სასმლის ზოგიერთ სახეობაზე, მათ შორის, ღვინოზე, აქციზი 3-ჯერ გაიზარდა. 2024 წლის სექტემბრიდან კი რუსეთში არამეგობრული ქვეყნების მაგარი ალკოჰოლის იმპორტზე ბაჟი პროდუქციის საბაჟო ღირებულების 20%-ის ოდენობით ამოქმედდა, მაგრამ არანაკლებ 3 ევროსი 1 ლიტრ სპირტზე.

რუსეთი ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მთავარი საექსპორტო ქვეყანაა და 2024 წელს სასმელის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები როგორც ღვინის, ისე ალკოჰოლური სასმელების ექსპორტზე უარყოფითად აისახა. 2025 წელს საქართველოს ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 3%-ით 267 მილიონ 910 ათას დოლარამდე შეუმცირდა. ღვინის გაყიდვები კლება ძირითადად რუსეთში გადაზიდვების შემცირებამ განაპირობა, რომელიც ქართული ღვინისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარია. წელს კლების გათვალისწინებით ღვინის მთლიან გაყიდვებში რუსეთის წილი მცირედით 63.7%-მდე შემცირდა. 2024 წელს რუსეთის წილი 66.1% იყო.

გასული წლის ექსპორტის კლების ტენდენცია მატებისკენ შეიცვალა. წელს იანვარ-თებერვალში ჯამურად, საზღვარგარეთ 32.1 მლნ დოლარის ღირებულების 10 511 807 ლიტრი ღვინო გაიყიდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ღვინის გაყიდვები ძირითადად რუსეთში გაიზარდა და მატებამ 31.1% შეადგინა.

რაც შეეხება სპირტიან სასმელებს, 2025 წელს მათი ექსპორტი 2.9%-ით 282 მილიონ 492 ათას დოლარამდე შემცირდა. თუმცა ამ შემთხვევაში რუსეთში იმპორტირებული სასმელის ღირებულება მცირედ გაიზარდა, მოცულობა კი ასევე მცირედ შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთში გაყიდული სპირტიანი სასმელების ღირებულება გასულ წელს მცირედ გაიზარდა. ამასთან შარშან ალკოჰოლის ექსპორტი შემცირდა სომხეთში, უკრაინასა და ბელარუსში.

ბაჟის 5 ევრომდე შესაძლო გაზრდის შესახებ გამოცემა „РБК“ ბაზარზე არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ჯერ კიდევ 2025 წლის ოქტომბერში წერდა. მაშინ რესპონდენტები უფრო ადრეულ თარიღსად — 2026 წლის 1-ელ იანვარს კი ასახელებდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები