მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში Telegram-ის ბლოკირება გადამწყვეტ ფაზაში შევიდა

telegram

რუსეთის ფედერაციამ პოპულარული საკომუნიკაციო პლატფორმის, Telegram-ის სრული ბლოკირება თითქმის დაასრულა. არსებული ინფორმაციით, 1-ელი აპრილის მონაცემებით Roskomnadzor-მა პლატფორმის ხელმისაწვდომობა ქვეყნის მასშტაბით უკვე 30%-მდე შეამცირა.

პროცესის პარალელურად, მესენჯერის დამფუძნებლის, პაველ დუროვის წინააღმდეგ რუსეთში ტერორიზმის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

როგორც ირკვევა, ხელისუფლება Telegram-ს ტერორისტული ჯგუფების მიერ ჯარისკაცების რეკრუტირების ხელშეწყობაში ადანაშაულებს. ბრალდებებს დუროვი უკვე გამოეხმაურა და ხელისუფლება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევაში დაადანაშაულა.

აღსანიშნავია, რომ Roskomnadzor-მა Telegram-ის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ კიდევ 2025 წლის ზაფხულში, აუდიო და ვიდეო ზარების აკრძალვით დაიწყო, რაც მოგვიანებით სრულმასშტაბიან შეზღუდვებში გადაიზარდა. რუსეთის სახელმწიფო დუმის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ყველაფერი გაკეთდება, რათა Telegram-ზე შესვლა ვერც VPN სერვისების გამოყენებით იყოს შესაძლებელი. როგორც ირკვევა, კრემლი იმ VPN კომპანიების წინააღმდეგაც აპირებს ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც Telegram-ს კანონმდებლობის გვერდის ავლაში დაეხმარებიან. მაგალითისთვის, 1 აპრილიდან რუსულმა მობილურმა ოპერატორებმა Apple-ის სერვისებზე გადახდები დაბლოკეს, რათა მომხმარებლებმა VPN აპლიკაციების შეძენა ვერ შეძლონ. ამასთან, მაისიდან იგეგმება დამატებითი გადასახადების დაწესება საერთაშორისო ინტერნეტ-ტრაფიკზე, რაც დაშიფრული არხების გამოყენებას კიდევ უფრო გაართულებს.

აღსანიშნავია, რომ Telegram-ის დაბლოკვას უარყოფითი გამოხმაურება ე.წ. „Z-ბლოგერებისა“ და სამხედრო კორესპონდენტების მხრიდანაც კი მოჰყვა. საუბარია ადამიანებე, რომლებიც პლატფორმას ფრონტზე კომუნიკაციისთვის იყენებენ. კრემლმა კრიტიკას მალევე უპასუხა და Telegram-ის მომხმარებლებს სახელმწიფო კონტროლქვეშ არსებულ მესენჯერ Max-ზე გადასვლა ურჩია. ექსპერტების შეფასებით, აღნიშნული პლატფორმა რუსეთის ხელისუფლების ხელში მასობრივი თვალთვალის ინსტრუმენტადაა ქცეული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები