საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის ფადი ასლის მოსაზრებით, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზაციის ფაზაში შევდივართ. ამის შესახებ მან გადაცემა “ანალიტიკაში” ICC-საქართველოს მიერ მომზადებულ ინდექსზე საუბრისას აღნიშნა, რომელიც ქვეყნის საგარეო ეკონომიკური დამოკიდებულებას ასახავს.
„[რუსეთთან] გასაგიჟებელი რიცხვები აღარ გვაქვს – იქნება ეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თუ ფულადი ნაკადების მიმართულებით. თუნდაც, ტურიზმის მიმართულებით. რუსეთიდან ტურიზმის რიცხვებიც შემცირებულია. ამ ეტაპზე, შეიძლება ითქვას... სწორედ ამას ამბობენ ეს რიცხვები, რომ რუსეთთან დღეს საკმაოდ ჯანსაღი ეკონომიკური ურთიერთობა გვაქვს. წინა წლებისგან განსხვავებით, 2024 წელს განგაშის მიზეზი არ ჩანს“, - აღნიშნა ფადი ასლიმ.
მისი თქმით, 2003 წელს საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე 16% იყო, 2012 წელს - 9%, 2024 წელს - 12%. კითხვაზე, პრობლემაა თუ არა საქართველოსთვის რუსეთზე დამოკიდებულების ის მაჩვენებელი, რაც დღეს არის ICC-საქართველოს დათვლებით, ფადი ასლი მიიჩნევს, რომ არა.
„არ მგონია, რომ პრობლემაა. ჩვენ ძირითადად დამოკიდებულები ვართ იმპორტის და ექსპორტის ნაწილში. დიდწილად ვიყავით დამოკიდებულები გადმორიცხვებზეც, თუმცა ფულადი ნაკადები 2023–2024 წლებში 1 მილიარდი დოლარით შემცირდა. 2023 წელს ჩვენი ტრანსფერები 4 მილიარდი დოლარი იყო, 2024 წელს 3 მილიარდამდე შემცირდა. ამის მიზეზი სწორედ რუსეთია – რუსეთიდან გადმორიცხვები 2023 წელს 1.5 მილიარდი დოლარიდან 2024 წელს 500 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ეს ძალიან დიდი შემცირებაა“, - აღნიშნა მან.
გადაცემა „ანალიტიკაში“ ფადი ასლიმ "ქართული ოცნების" პოლიტიკაც შეაფასა რუსეთთან მიმართებით რუსეთ-უკრაინის ომის ჭრილში.
„ქართულმა ოცნებამ ის გააკეთა, რომ კარი არ ჩაკეტა. კარი დატოვა ყველასთვის ღია – მათ შორის, რუსებისთვისაც. და რადგან რუსები გამორბოდნენ საკუთარი ქვეყნიდან და ამის ერთი მიზეზი სანქციებიც იყო – ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში. ვერც იმ ფაქტს დავმალავთ, რომ რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაწილი ეთნიკურად ქართველებიც იყვნენ, რომლებსაც შესაძლოა პასპორტი არ ჰქონდეთ, მაგრამ ეთნიკურად ქართველები არიან. მაგრამ ქვეყანაში მათ ძლიერი ანტი–რუსული სენტიმენტი დახვდათ. ამიტომ მათმა ნაწილმა ქვეყანა დატოვა უკეთესი პერსპექტივისთვის – ზოგი სომხეთში წავიდა, ზოგიც – არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში. სწორედ ამიტომ ვხედავთ ყველაზე აშკარად მნიშვნელოვან კლებას გადმორიცხვებში. 1 მილიარდი დოლარი, 75%–იანი ვარდნა. პრაგმატული იყო თუ არა, არ ვიცი – ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ვერ შეაფასებ პრაგმატიზმის პრიზმაში. ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს“, - აღნიშნა მან.




























