მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთთან მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობას კაცები უფრო ემხრობიან, ვიდრე ქალები - NDI

64521fa19fa20
გიგა ბენია
03.05.23 12:53
599

NDI-ის კვლევის მიხედვით, რუსეთთან მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა გამოკითხულ რესპონდენტთა 12%-ს სურს. აღნიშნული მაჩვენებელი შემცირებულია როგორც გასული წლის თებერვალთან, ისე მარტთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის დასაწყისში რუსეთის ფედერაციასთან მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა გამოკითხულთა 24%-ს სურდა.

რუსეთთან მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობას კაცები უფრო ემხრობიან, ვიდრე ქალები. კერძოდ, გამოკითხულთა 17%, მათ შორის, ვინც რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის მომხრეა, კაცია, ქალი კი მხოლოდ 8%-ია.

რაც შეეხება ეკონომიკურ თანამშრომლობას. ამ შემთხვევაში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ოკუპანტ ქვეყანასთან ეკონომიკური ურთიერთობა სურთ, გასულ წელთან შედარებით შეცვლილი არ არის და მაჩვენებელი 16%-ია.

NDI-ის მონაცემებით, რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მომხრეც უფრო კაცია, ვიდრე ქალი. მსურველთა 21% - კაცი, 11% კი - ქალი იყო.

გამოკითხულთა უმეტესობა, 25% ფიქრობს, რომ საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შეზღუდოს ან ისე დატოვოს, როგორც არის. ქალები, ახალგაზრდები და ოპოზიციის მხარდამჭერები უფრო მეტად უჭერენ მხარს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვას, ვიდრე მთავრობის.

კვლევა 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1 032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები