მიმდინარე წელს საქართველოში მოცვის რეკორდულ, დაახლოებით 10 000 -ტონიან მოსავალს ელოდებიან, თუმცა სეზონი მწარმოებლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული აღმოჩნდა. უფრო კონკრეტულად, როგორც კომპანია „აგრითაჩის“ დამფუძნებელმა ეკა ვეფხვაძემ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განმარტა, კლიმატურმა პირობებმა, ხარისხის გაუარესებამ, ფასების ვარდნამ და არასაკმარისმა ინფრასტრუქტურამ სექტორს მნიშვნელოვანი გამოწვევები შეუქმნა.
მისი თქმით, პრობლემები ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაიწყო. უჩვეულოდ დაბალმა ტემპერატურამ მოცვის დამწიფება შეაფერხა, ხოლო გადაუღებელმა წვიმებმა და სამეგრელოში მოსულმა სეტყვამ მოსავლის ხარისხზე მნიშვნელოვნად იმოქმედა.
„წლევანდელი წელი შეგვიძლია შევაფასოთ როგორც რთული წელი. იყო არანორმალური ნალექები და დაბალი ტემპერატურა, რის გამოც სეზონი დაგვიანდა. როდესაც პროდუქტი უკვე სიმწიფეში იყო შესული, გადაუღებელმა წვიმებმა მისი დაწყლოვანება და გადამწიფება გამოიწვია. ამას დაემატა სეტყვაც, რომელმაც მოსავლის ხარისხი მნიშვნელოვნად შეცვალა“, - განაცხადა ვეფხვაძემ.
როგორც ის განმარტავს, კლიმატურმა პირობებმა პროდუქტის კვებითი ღირებულება არ შეამცირა, თუმცა საერთაშორისო ბაზრებისთვის მნიშვნელოვანი პრემიუმ ხარისხი და ვიზუალური მახასიათებლები მნიშვნელოვნად დააზიანა. „სასუფრე პროდუქტი თავის სასარგებლო თვისებებს არ კარგავს, მაგრამ საერთაშორისო ბაზრები სულ უფრო მაღალ სტანდარტს ითხოვენ - მსხვილ კალიბრს, სიმტკიცესა და ვიზუალურ ხარისხს. სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა წელს“, - აღნიშნა მან.
ეკა ვეფხვაძის შეფასებით, მცირე ფერმერების უკმაყოფილება მხოლოდ მოსავლის ხარისხს არ უკავშირდება. მისი თქმით, საქართველოს მოცვის სექტორი კვლავ რუსულ ბაზარზეა დამოკიდებული, ხოლო რეგიონებში სამაცივრე ინფრასტრუქტურის დეფიციტი მწარმოებლებს მოსავლის სწრაფად გაყიდვას აიძულებს, რაც ფასების მკვეთრ შემცირებას იწვევს.
„პროდუქცია მალფუჭებადია, მყიდველებიც ყოველთვის არ ჩანან, ამიტომ იწყება პანიკური გაყიდვები და ფასიც არაადეკვატურად ეცემა. ეს ერთიანი ჯაჭვია, რომელიც საბოლოოდ მწარმოებელს აზარალებს“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, წლის დასაწყისში ბაზარზე გამოჩენილი გადამყიდველები ხშირად მოცვს მაღალ ფასად იბარებენ, თუმცა მოსავლის პიკის პერიოდში ქრებიან, რის შემდეგაც ფასები მკვეთრად მცირდება.
ვეფხვაძე ამბობს, რომ შექმნილი ვითარების მიუხედავად, სექტორის მომავალს პესიმისტურად არ აფასებს. „აგროსფერო ასეთი ბიზნესია - შეიძლება რთული წელი გქონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ინდუსტრია დასრულდა. ვფიქრობ, თავიდანვე ბევრმა არარეალისტური მოლოდინებით გააშენა პლანტაციები“, - აღნიშნა მან.




























