მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებულება ყველაზე მარტივი გზაა საქართველოს დასაპყრობად - ნინო ზამბახიძე

6480a3ef65428
ალა ისპირიანი
07.06.23 19:34
914
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საექსპორტო და საიმპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ ნაწილში პასუხისმგებლობა როგორც სახელმწიფომ, ისე ბიზნესმა უნდა გაინაწილოს, რადგან ბაზრების დივერსიფიკაციისთვის მზაობა ორივე აქტორის მხრიდან მნიშვნელოვანია.

„ბიზნესს ამ საკითხზე ერთი პასუხი აქვს - „სადაც მეტს გადამიხდიან, იმ ბაზარზე შევალ“, - განაცხადა ზამბახიძემ.

მისი თქმით, როდესაც ბიზნესი ამბობს, რომ რუსეთის ბაზარი უფრო მეტს იხდის, ვიდრე - ევროპული, აქ სახელმწიფოს მხრიდან მექანიზმები უნდა არსებობდეს, რაც ევროპულ ბაზარს მიმზიდველს გახდის.

„ვისაც არ ახსოვს, უნდა შევახსენოთ რუსეთის ემბარგო ღვინოზე; მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მეწარმეები და ფერმერები ძალიან ცუდ სიტუაციაში ჩავარდნენ, ეს კარგი მაგალითია იმისთვის, რომ ამ ქვეყანაზე არ უნდა იყო დამოკიდებული. თუ სახელმწიფოს სოფლის მეურნეობის მდგრადობა და განვითარება უნდა, ეს მიიღწევა ევროპულ ბაზართან ინტეგრაციით. უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირის ბაზარი არის სტაბილური, უსაფრთხო და ჯანმრთელი პროდუქტის წარმოების შესაძლებლობა“, - თქვა მან.

ამასთან, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებულება ყველაზე მარტივი გზაა საქართველოს დასაპყრობად.

„რუსეთს იარაღის გამოყენება ჩვენ წინააღმდეგ არ სჭირდება, როდესაც ეკონომიკა მასზეა დამოკიდებული, რაც ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით მოსახლეობისთვის, რომლებიც სიდუხჭირეში ცხოვრობს - აქ იარაღი აღარ სჭირდებათ; ჩათვალეთ, რომ ეს არის ყველაზე მარტივი გზა, როგორ დაიპყრონ ქვეყანა. ამიტომ სახელმწიფომ ბაზრების დივერსიფიცირება უნდა მოახდინოს. სხვადასხვა ბაზარზე უნდა იზრუნოს. ამ ნაწილში ბიზნესის პასუხისმგებლობაც ძალიან დიდია“, - განაცხადა ნინო ზამბახიძემ.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები