წელს სოფელ გეზრულში 6-ნომრიანი საოჯახო სასტუმრო ოფიციალურად გაიხსნა, რომელიც 14 პერსონაზეა გათვლილი და ტურისტებს რამდენიმე დასათვალიერებელ ადგილს სთავაზობს. Bm.ge-სთან ინტერვიუში სასტუმროს მფლობელმა თორნიკე შეყილაძემ თქვა, რომ ტურისტულ მომსახურებაში ძირითადი მიმართულება ჩაის ტურია, რადგან სჯერა, რომ ჩაის ტურიზმის განვითარებას საქართველოში დიდი პოტენციალი აქვს.
თორნიკე შეყილაძის განმარტებით, სასტუმროს სარემონტო სამუშაოების პარალელურად, ვიზიტორების მიღება გასულ წელს მაინც ხდებოდა, რითაც ევროპელი ტურისტები იყვნენ დაინტერესებული. წელს, როდესაც სასტუმროს ყველა სამუშაო დასრულებულია და იგი ოფიციალურად გაიხსნა, გაცილებით მეტ ტურისტს ელოდნენ. თუმცა, როგორც თორნიკე შეყილაძემ განაცხადა, რუსი ადამიანის დიდი რაოდენობით საქართველოში შემოსვლამ ევროპელი ტურისტები დააფრთხო.
„ევროპის ქვეყნებიდან ტურისტები გვყავდა, მაგრამ წელს გაცილებით მცირე რაოდენობით იყვნენ, ვიდრე შარშან. სამწუხაროდ, რუსულმა ბაზარმა წაგვლეკა და წაგვიღო და ცუდად იმოქმედა ჩვენს ტურისტულ ბიზნესზე. შარშანდელთან შედარებით წელს გაცილებით ნაკლები ევროპელი ტურისტია და სასტუმროს მოხმარებამ და ჩაის ტურების გაყიდვების რაოდენობამაც მოიკლო.
ეს ადამიანები რუსი ტურისტები არ არიან, ესენი რუსები არიან. ფაქტობრივად ყველაფერი რუსებით არის გადავსებული და რუსთან შეხება ევროპელ ვიზიტორს, სავარაუდოდ, არ უნდა და ჩვენთან ჩამოსვლისგან თავს იკავებენ. ჩვენ კი რუსი ტურისტებთან შეხება არ გაქვს“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ მხოლოდ ბიზნესი ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, თუ საკითხი სახელმწიფო დონეზე არ მოგვარდა.
"გეზრული ჩაი“ სეზონზე, 450 კილომდე, რამდენიმე სახეობის ჩაი აწარმოებს. კერძოდ აქვთ: ველური ჩაი, პლანტაციური ჩაი, თეთრი, შავი და მოცვის ჩაი. თორნიკე შეყილაძის თქმით, ყველა ჩაი ბიოლოგიურად სუფთაა და უმაღლესი ხარისხის არის. "გეზრული ჩაი“ საექსპორტო ბაზრებზეა ორიენტირებული და საფრანგეთის, ჩეხეთის და ჩინეთის ბაზრებზე გადის.