რუსეთის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა ერევნის „ზვართნოცის“ აეროპორტში სომხეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტი სომეხ მესაზღვრეებს გადააბარეს. ინფორმაციას BMG-ის სომხეთის ბიურო ავრცელებს.
გადაბარების პროტოკოლს ხელი მოაწერა სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების მეთაურმა ედგარ ჰუნანიანმა და სომხეთში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსმა რომან გოლუბიცკიმ.
სასაზღვრო პუნქტის გადაბარების გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე რუსული სასაზღვრო ჯარების სტატუსისა და მათი ფუნქციონირების პირობების შესახებ 1992 წლის 30 სექტემბრის შეთანხმების შესაბამისად იქნა მიღებული.
12 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა შეატყობინა რუსულ მხარეს ზვართნოცის აეროპორტში რუსი მესაზღვრეების მონაწილეობის გარეშე კონტროლის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება შეატყობინა. „ოქმში მითითებულია ვადა 2024 წლის 1 აგვისტომდე. 1 აგვისტოდან ჩვენ დამოუკიდებლად განვახორციელებთ კონტროლს“, - აღნიშნა პრემიერმა.
მანამდე, 6 მარტს, უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა რუსულ მხარეს ოფიციალური წერილი გაუგზავნა და მოსთხოვა, რომ ზვართნოცის აეროპორტში მხოლოდ სომეხი მესაზღვრეები ყოფილიყვნენ.




























