უძრავი ქონების სააგენტოების ნაწილში აცხადებენ, რომ რუსი მიგრანტების მხრიდან საცხოვრებელი ბინების ქირაზე მოთხოვნა მკვეთრადაა შემცირებული.
როგორც BMG-ის “საკურა ფროფერთიში“ განუცხადეს, თუკი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ჩამოსული რუსების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ქირაზე ფასები მკვეთრად გაიზარდა, ეს ვითარება დღეს გარკვეულწილად შეცვლილია.
კომპანიის დამფუძნებლის, ვიქტორია საკუროვას თქმით, ეს გარემოებაა ძირითადი მიზეზი, რის გამოც ბოლო თვეების განმავლობაში ქირაზე ფასებს შემცირების ტენდენცია აქვს.
მისივე თქმით, მიგრაციის ეფექტი გარკვეულწილად გასაყიდი საცხოვრებელი ბინების მიმართულებითაც ამოიწურა, რადგან მეორად ბაზარზე მიგრანტების მხრიდან მოთხოვნა აქაც შემცირდა.
„ომის დაწყების შემდეგ მიგრანტების მხრიდან ყველაზე დიდი გავლენა საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე იყო, განსაკუთრებით ეს ეხება ქირების მიმართულებას. ეს ეფექტი ახლა შემცირებულია, რადგან მიგრანტების რაოდენობა შემცირდა. ვინც დარჩა საქართველოში, ის იმავე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, ნაწილი კი თავის ქვეყანაში დაბრუნდა. შესაბამისად, რაც იყო ქირაზე კოლოსალურად გაზრდილი მოთხოვნა, დღეს ეს აღარ ფიქსირდება. ამიტომ შემცირდა ქირის ფასებიც, ის ომამდე პერიოდის ნიშნულს არ დაბრუნებია, თუმცა გასულ პერიოდთან შედარებით შემცირდა. ამავე მიზეზით, საცხოვრებელ ბინებზე მეორად ბაზარზე მიგრანტების მხრიდან მოთხოვნა შემცირებულია", - განაცხადა ვიქტორია საკუროვამ.
ცნობისთვის, თიბისი კაპიტალის მონაცემებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში თბილისში ქირის ფასს შემცირების ტენდენცია აქვს. სექტემბერში დედაქალაქში საცხოვრებელი ბინების გასაქირავებელი ფასი $11.4-ს გაუტოლდა, რაც 2023 წლის იმავე თვესთან შედარებით 9%-ით ნაკლებია, ხოლო 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით 1%-ით ნაკლები.
ამასთან, Galt&Taggart-ის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის თანახმად, 2024 წლის პირველ 8 თვეში, ბინების გაყიდვებში რუსეთის მოქალაქეების წილი 9%-დან 2%-მდე იყო შემცირებული.