მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსი მილიარდერების სააუქციონო სახლი Phillips - რა ადგილი უკავია მას მსოფლიო ხელოვნების ბაზარზე

Phillips
24.10.25 00:55
2261

ავტორი: სალომე ზაალიშვილი

Phillips-ის სააუქციონო სახლი, რომელიც მსოფლიოს ოთხი უმსხვილესი სააუქციონო სახლიდან ერთ-ერთია, რუსი მფლობელებისაა. 2008 წელს, როდესაც რუსეთთან ასოცირება მთლად ნეგატიური რამ არ იყო, Phillips-მა განაცხადა, რომ რუსეთის “Lux” კატეგორიის პროდუქტების კომპანია Mercury Group-მა კომპანიის მსხვილი წილი შეიძინა. 2012 წელს კი, კომპანია სრულად Mercury Group-ის საკუთრება გახდა.

თუმცა, რუსეთის მიერ 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, Phillips-მა განმარტა, რომ კომპანია არა Mercury Group-ის საკუთრება, არამედ მისი თანადამფუძნებლების, რუსი მილიარდერების ლეონიდ ფრიდლანდის და ლეონიდ სტრუნინის პირად მფლობელობაში იყო, რომლებიც დღეისთვის მონაკოში და კვიპროსზე იმყოფებიან და არა რუსეთში.

რა ადგილი უკავია Phillips-ის სააუქციონო სახლს გლობალურ ბაზარზე?

Phillips-ის სააუქციონო სახლის გაყიდვებმა გასულ წელს $843 მილიონს მიაღწია და მას მსოფლიოს მასშტაბით 500 თანამშრომელი ჰყავს. თუმცა, შთამბეჭდავი რიცხვების მიუხედავად, Phillips-ი ნამდვილად ბევრად პატარაა, ვიდრე ბაზრის სხვა მოთამაშეები, მაგალითად Sotheby’s-ის და Christie’s-ის სახლები, რომელთა მოგება 2024 წელს, ჯამში, დაახლოებით $12 მილიარდი იყო.

მარტინ უილსონი, Phillips-ის აღმასრულებელი დირექტორი

მარტინ უილსონი, რომელიც Phillips-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს გასული წლიან იკავებს, სააუქციონო სახლს აღწერს, როგორც “მოქნილს, კლიენტებისთვის სასურველი მიმართულებით მოძრავს”. Phillips-ი ფოკუსირებულია მხოლოდ ექვს კატეგორიაზე - თანამედროვე ხელოვნება, დიზაინი, გამოცემები, ძვირფასეულობა, ფოტოგრაფია და საათები (სადაც ის ინდუსტრიის ლიდერია). უილსონი უარყოფს არსებულ მოსაზრებას, რომ Phillips-ი, მესამე ხარისხობრივი სააუქციონო სახლია: “ჩვენს ბრენდს მკაფიო იდენტობა აქვს”.

გეოპოლიტიკური დაძაბულობის და ეკონომიკური უკუსვლის ფონზე ხელოვნების ნიმუშებზე მოთხოვნა დაეცა, რაც Phillips-ზეც აისახა. 2024 წელს Phillips-ის გაყიდვები წინა წელთან შედარებით 16%-ით, ხოლო 2023 წელს 2022 წელთან შედარებით 23%-ით შემცირდა. 2022 წელი შეიძლება ითქვას სახლისთვის უახლოეს წარსულში ყველაზე წარმატებული იყო, როდესაც გაყიდვების ჯამურმა ღირებულებამ $1.3 მილიარდი შეადგინა. ამას ისიც ემატება, რომ გასული ორი წლის განმავლობაში Phillips-ის რამდენიმე მაღალი რანგის თანამშრომელმა თანამდებობა დატოვა, მათ შორის აღმასრულებელმა დირექტორმა, გენერალურმა დირექტორმა და ამერიკის დივიზიის დირექტორმა. ხოლო Phillips-ის სპეციალიზაცია - თანამედროვე ხელოვნება ყველაზე ნეგატიურად განიცდის ბაზრის შეკვეცას.

Phillips-ის სააუქციონო სახლის თანამფლობელები ლეონიდ ფრიდლიანდი და ლეონიდ სტრუნინი

იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიას რუსი მფლობელები ჰყავს, 2022 წლის თებერვალში, აუქციონის სახლმა უმალვე გამოაქვეყნა განცხადება მაშინდელი აღმასრულებელი დირექტორის, სტივენ ბრუკსის სახელით, რომელიც იწყებოდა შემდეგი სიტყვებით: „ჩვენ, Phillips-ში, ცალსახად ვგმობთ რუსეთის უკრაინაში შეჭრას“. ამ საკითხზე პოზიციის გასამყარებლად, Phillips-მა საღამოს აუქციონიდან მიღებული მოგება უკრაინის წითელ ჯვარს გადასცა, ამ თანხამ 5.8 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა. თუმცა უნდა ითქვას, რომ კომპანიის მფლობელების მხრიდან საკითხზე განცხადება არ გაჟღერებულა. 2022 წელს ჩატარებული აუდიტიდან კი გამოაშკარავდა რომ Phillips-ის მშობელი კომპანია უკრაინაში ომის დაწყებამდე ცხრა დღით ადრე ვირჯინიის კუნძულებზე ე.წ. “საგადასახადო ნავსაყუდელში" გადარეგისტრირდა.

აუდიტის მიხედვით, კომპანია ბოლო წლების განმავლობაში ფინანსურად არასტაბილური იყო, მას Mercury Group-ის მიმართ ფინანსური ვალდებულებები ჰქონდა, რომლებიც კომპანიისთვის რისკს წარმოადგენდა. სტაბილურობისთვის საჭირო Mercury Group-ის ფინანსებზე წვდომამ რეპუტაციული ზიანი შეიძლება მიაყენოს კომპანიას და იგი ფინანსური მაქინაციების რისკის ქვეშ აღმოჩნდეს.

Phillips-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, უილსონმა 2025 წლის ინტერვიუში დააკონკრეტა: „ჩვენ არ ვოპერირებთ რუსეთში, არანაირ ბიზნესს არ ვაწარმოებთ რუსებთან რუსეთში ან მათთან, ვისაც რუსული საბანკო ანგარიშები აქვს, მით უმეტეს მათთან, ვისაც სანქციები აქვს დაწესებული“.

აღსანიშნავია, რომ Phillips-ს დღეს ტოპ ოთხ სააუქციონო სახლს შორის ყველაზე მაღალი საკომისიო აქვს. იმ ლოტებზე, რომლების ფასი 1 მილიონ აშშ დოლარს არ აღემატება, საკომისიო 29 პროცენტს შეადგენს (Sotheby’s-ისა და Christie's-ის 27 პროცენტიან საკომისიოსთან შედარებით). მაგრამ, თუ კლიენტი აუქციონამდე მინიმუმ 48 საათით ადრე დადებს ფსონს, ისინი შეღავათიანი 25 პროცენტიანი საკომისიოთი სარგებლობენ.

Patek Philippe
Ref. 1518

Phillips-ის მოსალოდნელი აუქციონები

Phillips-ი ამჟამად შემოდგომის საათების ყველაზე მასშტაბური აუქციონისთვის ემზადება, რომელიც სახლის საათების ბაზარზე ყოფნის 10 წლიან ისტორიას აღნიშნავს, წინასწარი შეფასებით 209 ლოტის ჯამური ღირებულების მაქსიმუმი 45 მილიონი შვეიცარიული ფრანკია, რაც 56 მილიონ აშშ დოლარს უდრის. აუქციონის ყველაზე ძვირად ღირებული ლოტი კი პატეკ ფილიპის საათია, მოდელის - 1518 უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული ვერსია. მსგავსი საათი მსოფლიოში მხოლოდ ოთხი არსებობს და საათის სავარაუდო ღირებულება 8 მილიონი შვეიცარიული ფრანკია($8 მილიონი). მსგავსი საათი 2016 წელს Phillips-ის აუქციონზე 11 მილიონ შვეიცარიულ ფრანკად გაიყიდა ($13.7 მილიონი).

CERA, A COMPLETE JUVENILE TRICERATOPS SKELETON

უილსონი თავს იკავებს ნაადრევი კომენტარებისგან, მაგრამ განმარტავს, რომ წინასწარი შედეგები ხაზს უსვამს, რომ სახლს არ ეშინია ექსპერიმენტების და ეს მხოლოდ დასაწყისია. ნოემბრიდან პირველად სახლის ისტორიაში, ფილიპსი არქეოლოგიურ ნიმუშებს გამოიტანს აუქციონზე. იუვენილური ტრიცერატოპსის (Juvenile Triceratops) 69 მილიონი წლის წინანდელი ჩონჩხი აუქციონზე მომავალ თვეში გავა, წინასწარი შეფასებით, მისი ღირებულება 2.5 მილიონიდან 3.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები