მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია ₾71 მილიონი დაჯდება, მათ შორის მიწისქვეშა ბუნკერები ₾10 მილიონი

რუსთაველის გამზირი ფოტო

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 71 მილიონი ლარი დაჯდება - ამას საკრებულოს მიერ დღეს დამტკიცებული ბიუჯეტი ითვალისწინებს. ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვერსიით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 40 მილიონი ლარი უნდა დამჯდარიყო, თუმცა მისი მასშტაბი და შესასრულებელი სამუშაოების აღწერა გაფართოვდა.

თბილისის მერიის განმარტებით, პროექტი აუცილებელია, რადგან ამჟამად გამზირზე არსებული გზის სავალი ნაწილი დეფორმირებულია და მასზე ნაპრალებია. ასევე სანიაღვრე ქსელი ვერ უზრუნველყოფს ნალექების სრულად გატარებას და აუცილებელია მათი გამოცვლა. მერიის განმარტებით, გზის მარჯვენა მხარეს ველობილიკის მოწყობაც არის დაგეგმილი. ასევე იგეგმება 200 ერთეული მიწისქვეშა კონტეინერის დამონტაჟება.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ბიუჯეტი კომპონენტების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • შ. რუსთაველის გამზირის და მ. კოსტავას ქუჩის ნაწილის რეაბილიტაცია - 40 მილიონი ლარი;
  • ფილები და კაბელარხები (შ. რუსთაველის ქუჩისთვის) - 13 მილიონი ლარი;
  • შ.რუსთაველის გამზირზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავშემკრები მიწისქვეშა 200 ერთეული კონტეინერის შეძენა-მონტაჟი - 10 მლნ ლარი.

"საპროექტო მონაკვეთის სიგრძე შეადგენს 1442 მეტრს. არსებული მდგომარეობით აღნიშნულ მონაკვეთზე გვხვდება ასფალტბეტონის საფარი საშ. სისქით 20 სმ, რომელიც დაზიანებულია, შეიმჩნევა გრძივი და განივი ბზარები; აქედან გამომდინარე საჭიროა საგზაო სამოსის კაპიტალური რემონტი. ტროტუარზე მოწყობილია, როგორც ბეტონის ისე ბუნებრივი ქვის ფილები, რომელიც გარკვეულ ადგილებში ამორტიზირებულია ან დამტვრეულია. საპროექტო მონაკვეთზე არსებული სანიაღვრე ქსელი ვერ უზრუნველყოფს მოსული ნალექების სრულად აცილებას გზის სავალი ნაწილიდან, ამიტომ პროექტით გათვალისწინებულია ახალი სანიაღვრე ქსელის მოწყობა. ქსელის დაერთება მოხდება სხვადასხვა მონაკვეთებზე არსებულ სანიაღვრე კოლექტორზე. მშენებლობის პროცესში აღმოჩენილი ღირებული სამშენებლო მასალები ან ნაკეთობები ექვემდებარება დასაწყობებას. საინიაღვრე ქსელის განლაგება, მილის დიამტერები და დაერთების ადგილი შეთანხმებულია შესაბამის სამსახურთან. პროექტით გათვალისწინებულია გზის მარჯვენა მხარეს მთელ სიგრძეზე ველობილიკის მოწყობა, რომლის გეომეტრიული პარამეტრები და ადგილმდებარეობა გეგმაში შეთანხმებულია დამკვეთთან. ტექნიკური დავალების თანახმად ველობილიკის ფართზე მოხვედრილი საკომუნიკაციო ჭები გადატანილი უნდა იქნეს გვერდზე - სავალ ნაწილზე; პროექტით გათვალისწინებულია არსებული ჭების დემონტაჟი და ახლის მოწყობა", - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები