რუსთაველის გამზირზე პროტესტი შინაარსისგან არის დაცლილი, რეალურად მოთხოვნებს ვერ აყენებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილია ოთხი პარტია და 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი ენჯეო.
„გრძელდება მიტინგები შინაარსის გარეშე. წარმოდგენილია ოთხი პარტია და 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი ენჯეო რუსთაველის გამზირზე, თუმცა ისინი, ყველა ერთად, 5 ათას ადამიანსაც ვერ უყრიან თავს. ამას აქვს ერთი მთავარი მიზეზი - შინაარსისგან არის დაცლილი პროტესტი რუსთაველის გამზირზე. რეალურად მოთხოვნებს ვერ აყენებენ. ერთადერთი მოთხოვნა, რაც აქტიურად ჟღერდება, ეს არის მოძალადეების გათავისუფლება და ამ მოთხოვნის დაყენებითაც შესაბამისი ძალები ადასტურებენ იმას, რომ სინამდვილეში ძალადობის უკან იდგნენ სწორედ ისინი და ისინი არიან ლოიალურად განწყობილი ამ ძალადობის მიმართ, რბილად რომ ითქვას ეს ყველაფერი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, 20 იანვრის ეშინია მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას.
„ერთ-ერთ მათ ლიდერს წამოსცდა, რომ უნდა მოასწრონ 20 იანვრამდე, საუბარია ხელისუფლების შეცვლაზე. 20 იანვარი ამ ადამიანებს ძალიან აშინებთ, თუმცა მათ მინდა დავპირდე, რომ ისინი ბევრად მალე, 20 იანვრამდე დაასრულებენ საკუთარ მცდელობას, რომ რაიმე არეულობა შემოიტანონ ჩვენს ქვეყანაში. 20 იანვრის ეშინია მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას. ჩვენ პირიქით, ოპტიმისტურად ვართ განწყობილები“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 4 წელიწადში, 2028 წლისთვის ასოცირების დღის წესრიგიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების 90%-ზე მეტი იქნება შესრულებული.
„ეს ნიშნავს იმას, რომ ევროინტეგრაციის პროცესი მაქსიმალურად ინტენსიურად გაგრძელდება და ეს გზავნილი ძალიან კარგად გაიგო საზოგადოებამ, მათ შორის, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად გაიგეს ეს ყველაფერი პროტესტის შესაბამისმა მონაწილეებმაც. აქედან გამომდინარე, შესაბამისი მოთხოვნა ვეღარ დგება მათი მხრიდან დღის წესრიგში, გამომდინარე იქიდან, რომ არაფერია რეალურად მოსათხოვი. მეორე პოტენციური მოთხოვნა, რაც მათ შეიძლება გულში ედოთ, ეს არის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა, თუმცა ამ მოთხოვნის დაყენებას ისინი საჯაროდ ვერ ბედავენ ერთი მარტივი მიზეზის გამო, როგორც კი ამ მოთხოვნას დააყენებენ, მაშინვე გაიშიფრება, რომ მათ აქვთ თავიდან ბოლომდე პარტიული დღის წესრიგი. საქართველოში მაინცდამაინც პოპულარული არ არის საკუთარი თავის მიკუთვნება ამ 4-დან რომელიმე პარტიისადმი. ყველამ იცის, რომ ეს არის ერთი კოლექტიური პარტია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც შედგება 4 პარტიისგან, სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიებისგან. არავის არ უნდა მისი ასოცირება რომელიმე ამ პარტიასთან. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში ვერ აყენებენ ვერც რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნას. შესაბამისად, რჩება უშინაარსო მიტინგები და ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ამ ადამიანებს, საბოლოო ჯამში, უჭირთ რაიმე სერიოზული რესურსისთვის თავის მოყრა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.