თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დაწყებას გეგმავს. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სამუშაოების დაწყების სავარაუდო დროდ მაისის თვე დაასახელა.
მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი აბუთიძე ამბობს, რომ პროცესის დასაჩქარებლად ტენდერი ოთხ ლოტად დაყვეს.
"რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია ოთხ ნაწილად გავყავით იმისთვის, რომ მალე დამთავრდეს. ოთხი სხვადასხვა ლოკაცია დაახლოებით თანაბრად არის დაყოფილი და კომპანიები ცალ-ცალკე იმუშავებენ. ანუ თუ მთლიანი გამზირის რეაბილიტაციას სჭირდება გარკვეული დრო, ის დაახლოებით 4-ჯერ შემცირდება. ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. სამი ტენდერი ჩატარებულია და გაფორმების ეტაპზეა ხელშეკრულებები, ერთია დარჩენილი, რომელიც შემდეგ კვირაში ჩატარდება და ამის შემდეგ დაიწყება სამუშაოები. სამუშაოების ერთდროულად დაწყება გვინდა და ამაზე შემუშავდება სატრანსპორტო მოძრაობის დროებითი სქემა, სადაც განისაზღვრება ავტომობილების გადაადგილება, რათა კოლაფსი არ შევქმნათ და თან სამუშაოები არ შეფერხდეს. სქემის მომზადების პერიოდში გამოჩნდება რა მომენტში რა გადაიკეტება", - ამბობს აბუთიძე.
მისივე თქმით, რუსთაველზე განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები; გამოიცვლება წყლისა და გაზმომარაგების მილები და ახალი განათება დამონტაჟდება.
"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯერ ჩავატაროთ საგზაო სამუშაოები და ალბათ მომავალ წელს დაიგეგმება და დაიწყება შენობების რეაბილიტაცია", - აცხადებს აბუთიძე.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის დაანონსებული რეაბილიტაციის ფარგლებში 4 ტენდერი 2024 წლის 24 დეკემბერს გამოაცხადა, რომლის ჯამური ღირებულება 28 440 411 ლარი იყო. წინადადებების მიღება 14 იანვარს დასრულდა.
პრეტენდენტის არ არსებობის გამო ვერ შედგა 8.7 მილიონიანი ტენდერი, რომელიც ალ. ჭავჭავაძის ქუჩიდან ზ. ჭიჭინაძის ქუჩის ჩათვლით გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას მოიცავდა. ასევე, იმავე მიზეზით ჩავარდა 6.8 მლნ-ს ღირებულების ტენდერი ზ. ჭიჭინაძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას გულისხმობდა.
4.3 მლნ-ს [თ. ჭოველიძის ქუჩიდან მ/ს „რუსთაველი“-მდე გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია] და 8.4 მლნ-ს [მეტროსადგურ რუსთაველიდან ალ. ჭავჭავაძის ქუჩის ჩათვლით მონაკვეთის რეაბილიტაცია] ტენდერების შემთხვევაში პრეტენდენტი მხოლოდ ერთი კომპანია შპს დინ გრუპია. ახლა, შერჩევა/შეფასების პროცესი მიმდინარეობს.
ამ საკითხზე კახა კალაძემ თქვა, რომ ორ ტენდერზე გარკვეული შეუსაბამობები იყო და ამის გამო კომპანიებმა ვერ მიიღეს მონაწილეობა.
"თუმცა, ხელახლა ჩატარდება და გამარჯვებული კომპანიებიც გვეყოლება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.