შსს-ს განცხადებით, დღეს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, დემონსტრანტების სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა.
უწყება მათ მოუწოდებს, 15 წუთის განმავლობაში გახსნან სავალი ნაწილი და აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მოახდენს ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და შესაბამის ზომებს.
"2025 წლის 18 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, დემონსტრანტების სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა.
მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, 15 წუთის განმავლობაში გახსნან სავალი ნაწილი და უზრუნველყონ ტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილება რუსთაველის გამზირზე.
წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მოახდენს ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებს კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს",- აცხადებენ შსს-ში.
17 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში ცვლილებები. შედეგად, 60 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს შეკრება-მანიფესტაციისას:
- ცეცხლსასროლი ან/და ცივი იარაღის, ფეთქებადი, ადვილად აალებადი, რადიოაქტიური ნივთიერების ან პიროტექნიკური ნაწარმის ქონა;
- აკრძალული საგნის ან ნივთიერების ქონა;
- საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შსს-ს მოთხოვნით შეწყვეტილ შეკრებაში მონაწილეობა.
შეკრების მონაწილეებისთვის 15 დღემდე, ხოლო ორგანიზატორებისთვის − 20 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს შეკრება-მანიფესტაციისას:
- სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა;
- ცრემლმდენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონა;
- გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრებაში მონაწილე პირთა რაოდენობა;
- დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, რაც საფრთხეს ქმნის ან ხელს უშლის შეკრებას ან/და პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას.
ჩამოთვლილი ყველა ქმედების ჩამდენ პირს პირველ ჯერზე, შესაძლოა დაეკისროს ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო ქმედების განმეორების (სახდელდადებული პირის მიერ 1 წლის განმავლობაში ქმედების ჩადენა) შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით, ხოლო ქმედების არაერთგზის ჩადენისას − 2 წლამდე ვადით.




























