მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რუსთავი 2"-ის სარეკლამო შემოსავლები 2024 წელს შემცირდა, არხმა 41 მილიონი ლარით იზარალა

რუსთავი 2

2024 წელს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის მფლობელმა კომპანიამ "მედია ჰოლდინგმა" 41 მილიონი ლარით იზარალა - ამის შესახებ კომპანიის მიერ დღეს გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

ეს ზარალი 2023 წელს არსებულ 31 მილიონი ლარის ზარალს 10 მილიონი ლარით აღემატებოდა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, ტელეკომპანიას გასული წლის განმავლობაში 13.9 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი ჰქონდა, რაც 2023 წელთან შედარებით 0.4 მილიონი ლარით ნაკლები იყო.

არხის შემცირებული სარეკლამო შემოსავლები გაზრდილი ხარჯების დასაფარად არასაკმარისი აღმოჩნდა, რის გამოც ტელევიზია მსხვილმასშტაბიან ზარალზე გავიდა. კერძოდ, სახელფასო ხარჯი 27.6 მილიონი ლარი იყო, არხის ადმინისტრაციული ხარჯები 18 მილიონი ლარი, ფინანსური ხარჯები კი 10 მილიონ ლარს შეადგენდა.

ტელევიზიამ ზარალის დაფარვა ვალების მოზიდვით შეძლო. ფინანსურ ანგარიშში ნათქვამია, რომ ტელევიზიამ ახალი ვალები არა კომერციული ბანკისგან, არამედ ადგილობრივი იურიდიული პირისგან მოიზიდა, თუმცა არაა მითითებული თუ რომელმა კომპანიამ გამოყო გასულ წელს შესაბამისი საკრედიტო დაფინანსება.

შედეგად 2024 წელს არხის მთლიანი ვალდებულებები იქამდე არსებული 76 მილიონი ლარიდან 120 მილიონ ლარამდე გაიზარდა. რომ არა აღნიშნული სესხები "რუსთავი 2" 2024 წლის განმავლობაში მაუწყებლობის გაგრძელებას ვერ შეძლებდა.

"საპროცენტო განაკვეთი ეროვნულ ვალუტაში მიღებულ სესხებზე მერყეობს 11,9%-დან 12,4%-მდე, საპროცენტო განაკვეთი აშშ დოლარში მიღებულ სესხებზე შეადგენს 3%-დან 9.5%-მდე, ხოლო საპროცენტო განაკვეთი ევროში მიღებულ სესხებზე შეადგენს 6,9%-ს. საპროცენტო ხარჯმა წლის განმავლობაში შეადგინა 6.6 მილიონი ლარი,"- ნათქვამია დოკუმენტში.

"რუსთავი 2", ანუ "მედია ჰოლდინგი" წლიდან წლამდე ზარალზე ოპერირებს, ხოლო არხის დაფინანსება ძირითადად არხის აქციონერებთან დაკავშირებული ბიზნესჯგუფის (ჯორჯიან მანგანეზის) მხრიდან გამოყოფილი დაფინანსებით ხდება. არხის მიერ წლების განმავლობაში დაგროვილი ზარალი ჯამურად 114 მილიონ ლარს შეადგენს.

ჯერჯერობით სხვა მსხვილ ტელემაუწყებლებს 2024 წლის ფინანსური ანგარიშები გამოქვეყნებული არ აქვთ, 2023 წლის მდგომარეობით კი ქვეყანაში მოქმედი ძირითადი არხების ჯამური ზარალი 145 მილიონ ლარს შეადგენდა. ამ მაჩვენებლით, ტელევიზიების ბაზარი ქვეყანაში ფაქტობრივად ერთადერთი ბაზარია, რომლის ყველა ძირითადი მოთამაშეც წლიდან წლამდე ზარალზე გადის და გამუდმებით საჭიროებს ბანკების თუ დამფუძნებლების მხრიდან სასესხო დაფინანსების გამოყოფას.

ტელევიზიებმა 2023 წელს რეკორდული ₾145 მილიონით იზარალეს - მედია ბიზნესის შემოსავლებისა და ზარალის რეიტინგი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები