მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რუსთავის აზოტს” ახალი დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭო ჰყავს

63c939966e2ae
BM.GE
19.01.23 16:43
5395
სააქციო საზოგადოება „რუსთავის აზოტი“, რომელიც კავკასიის რეგიონში მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საწარმოს წარმოადგენს, გაიყიდა. “რუსთავის აზოტის” 100%-იანი წილის მესაკუთრე კომპანია სს “ე უ ინვესთმენთსმა“ “აზოტი” სინაპურში ბაზირებულ კორპორაცია Indorama-ს ქართულ შვილობილს მიჰყიდა.

მფლობელობის ცვლილება უკვე აისახა საჯარო რეესტრში, რომლის მონაცემებითაც კომპანიას ახალი დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭო ჰყავს. აქამდე “რუსთავის აზოტის” გენერალური დირექტორი ბიზნესმენი ეფრემ ურუმაშვილი იყო, კომპანიის გასხვისების შემდეგ კი მისი გენერალური დირექტორი ლევან ბურდილაძე გახდა, რომელიც აქამდე კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე იყო.

“რუსთავის აზოტს” აქამდე სამეთვალყურეო საბჭო არ ჰყავდა, გასხვისების შემდეგ კი ახალი ბორდი დაკომპლექტდა:

საბჭოს თავმჯდომარე/წევრი: პრაკაშ კეჯრივალ, /სინგაპური/
საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: რაჰულ სინგჰ, /ინდოეთი/
საბჭოს წევრი: ეფრემ ურუმაშვილი.

„ინდორამა“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონგლომერატია, რომელიც აერთიანებს მინერალური სასუქების, ინდუსტრიული ქიმიკატებისა და სხვადასხვა ქიმიური პროდუქტის მწარმოებელ საწარმოებს. კორპორაცია ფლობს 160-ზე მეტ საწარმოს მსოფლიოს 38 ქვეყანაში, მათ შორის ევროპის, აზიის, აფრიკის, ჩრდილოეთ და ლათინური ამერიკის კონტინენტებზე და დასაქმებული ჰყავს 45 000 ათასზე მეტი ადამიანი.

კორპორაციის ძირითად საქმიანობას აზოტისა და ფოსფატის სასუქების; პლასტმასის; ტექსტილის; ბამბის; სპანდექსისა და პოლიესტერის წარმოება წარმოადგენს.

Indorama-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ინდოელი მილიარდერი შრი პრაკაშ ლოჰიაა, რომლის ქონებაც Forbes-ის მიერ 7.8 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ასევე მილიარდერთა სიაშია მისი ძმა ალოკ ლოჰიაც, რომლის ქონებასაც Forbes-ი 2.4 მილიარდ დოლარად აფასებს.

თავად Indorama-ს წლიური შემოსავლები 14 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

რაც შეეხება “რუსთავის აზოტს”, ამჟამად საჯაროა კომპანიის 2020 წლის ფინანსური ანგარიში, რომლის მიხედვითაც კომპანიის შემოსავალი 344 მილიონი ლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები