მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რუსთავის აზოტში" მუშაობა შეჩერებულია|დასაქმებულები რუსთავის მერს მიმართავენ

რუსთავის აზოტი

„რუსთავის აზოტის“ თანამშრომლები, რომლებიც კვირაზე მეტია ხელფასის გაზრდის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ, კომპანიის მენეჯმენტთან კომუნიკაციის პროცესში რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ჩართვას ითხოვენ. ეს მიმართვა პროტესტის მონაწილეებმა დღეს, რუსთავის მერიასთან გამართულ აქციაზე გააჟღერეს.

მათი ინფორმაციით, დღეისთვის კომპანია „რუსთავის აზოტის“ ქარხანაში გაჩერებულია როგორც სასუქების წარმოება, ასევე ჟანგბადის ბალონების მწარმოებელი ქარხნის მუშაობა.

პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ 3 თებერვალს „რუსთავის აზოტის“ ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა და პროტესტის მონაწილეები ქალაქის ხელმძღვანელი პირების პროცესში ჩართვას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.

„გუშინ „რუსთავის აზოტის“ ხელმძღვანელებს პირებს შევხვდით. გვქონდა შემდეგი სახის შეთავაზება ხელფასის 200-ლარიანი მატება, 25%-იანი პრემიების შეტანა, ტარიფების გადახედვა და ა.შ., რაზედაც ადმინისტრაციის მხრიდან მივიღეთ უარი.

მოვუწოდებთ ქალბატონ ნინოს (ლაცაბიძეს), ვთხოვო დახმარება, მოვიდეს აზოტის ქარხანაში და დაგვეხმაროს ადმინისტრაციასთან საუბარში. დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს კომპანიის დირექტორი ლევან ბურდილაძე სამსახურიდან. ვთხოვ, ქალბატონ ნინოს და ირაკლი შატაკიშვილს [„ქართული ოცნების“ დელეგატი ქალაქ რუსთავიდან XI მოწვევის პარლამენტში] დაგვეხმარონ ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებაში, შემოვიდნენ აზოტის ქარხანაში და გაირკვეს როგორ იხარჯება ქარხანაში თანხები. გვინდა, ეს ყველაფერი იყოს გამჭვირვალე და ვიცოდეთ იმ ხალხმა, ვინც ამ პროდუქტს ვაწარმოებთ და რომელიც პროდუქტიც სახელმწიფოს დიდ შემოსავალს აძლევს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები