მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“რუსთავის ფოლადი“ უნაკერო მილების წარმოების განვითარებისთვის $10 მილიონამდე ინვესტიციას გეგმავს

უნაკერო მილები

ფოლადის უნაკერო მილებისა და არმატურის მწარმოებელი კომპანია „რუსთავის ფოლადი“ თავის პორტფელში ერთი კონკრეტული მიმართულებით - უნაკერო მილების წარმოების განვითარებას გეგმავს, რისთვისაც 5-დან 10 მლნ დოლარამდე ინვესტიციას ჩადებს. კომპანიის დირექტორი იგორ კორიტკო BMG tv-ის გადაცემა „ქალების ნარატივში" სტუმრობისას ამბობს, რომ არმატურის ბიზნესი მათთვის ნაკლებად საინტერესოა, ამიტომ მენეჯმენტი ამ მიმართულების გაყიდვასაც განიხილავს, თუმცა რამდენიმე თვეში.

რაც შეეხება უნაკერო მილების წარმოებას, მისი ინფორმაციით, ქართული წარმოების ეს მნიშვნელოვანი პროდუქტი სრულად ექსპორტზე გადის და თუ კომპანიამ 2024 წელს წარმოება წლიურად 300%-ით გაზარდა, 2025 წელს ეს ზრდა 15% იყო. შედეგად რუსთავის ფოლადმა გასულ წელს „წარმოებულია საქართველოშის“ წარწერით ექსპორტზე 33 000 ტონა უნაკერო მილები გაიტანა.

იგორ კორიტკო განმარტავს, რომ გლობალურ ბაზარზე ამ სეგმენტში მაღალი კონკურენციის პირობებში კომპანია პროდუქტის ხარისხის ამაღლებას გეგმავს, რათა საერთაშორისო მწარმოებლების გვერდით თავისი ადგილი დაიმკვიდროს.

„მთავარი მიზანი უნაკერო მილების წარმოების და გაყიდვების ზრდაა. შესაბამისად, გვინდა გაყიდვები 30-40%-ით გავზარდოთ. რა თქმა უნდა, ეს რთული მიზანია და ამის შესრულებას თავისი გამოწვევები ახლავს. ამისთვის კი ჩვენ ინვესტიციები პირველ რიგში ხარისხში უნდა გავაკეთოთ.

უნაკერო მილების ხარისხის ზრდის კუთხით ინვესტიციის მოცულობა 5-დან 10 მლნ დოლარამდე იქნება. წარმოების ზრდისთვის ხარისხის გაუმჯობესება მნიშვნელოვანია, რადგან სხვა მწარმოებლები ხარისხს მუდმივად აუმჯობესებენ, ჩვენ კი კონკურენციაში ვართ აშშ-ის და კორეულ პროდუქტთან.

ჩვენი მილების 100% ექსპორტზე გადის. საქართველოში ბაზარი ძალიან მცირეა. შესაბამისად ინვესტიციების საექსპორტო პროდუქტის განვითარებაში ჩაიდება. ამ ინვესტიციების განხორციელება 2026 წელს დაიწყება და ამ თანხის დიდი ნაწილი სწორედ წელს დაიხარჯება", - განმარტა კორიტკომ.

ცნობისთვის, "რუსთავის ფოლადის" წარმოებული უნაკერო მილების დღეისთვის ძირითადად აშშ-სა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გადის, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ ექსპორტის ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში განვითარებაზე მუშაობა დაწყებული აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები