მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსთავის ფოლადის" მფლობელთა სტრუქტურა არ შეცვლილა - ირაკლი რუხაძე

ირაკლი რუხაძე

ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის განმარტებით, "რუსთავის ფოლადის" მესაკუთრეთა სტრუქტურაში ცვლილებები არ მომხდარა - ამის შესახებ რუხაძემ BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა. მისი თქმით, კომპანია ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეთა საკუთრებას წარმოადგენს.

"არაფერი არ შეცვლილა მფლობელთა სტრუქტურაში 2018 წლიდან. არც ვგეგმავთ რაიმე ცვლილებებს. რუსთავის ფოლადი არის ამერიკული კომპანია. იგი კონტროლდება ამერიკელი და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების მიერ. ეს არის ჩემი პირადი პასუხი.

"რუსთავის ფოლადს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ჰყავს, რომელიც ალბათ დამოუკიდებლად გაავრცელებს კომენტარს გუშინ მედიაში გავრცელებულ ყოვლად უსაფუძვლო და მცდარ სპეკულაციებზე", - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

გასული წლის ბოლოდან რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას ახალი დირექტორი ჰყავს. კომპანიას იგორ კორიტკო ხელმძღვანელობს, რომელმაც ამ თანამდებობაზე ნუგზარ კაჩუხაშვილი ჩაანაცვლა. კორიტკოსთან ერთად ქარხნის მენეჯმენტს შეუერთდა ანდრეი პარხომჩუკი, რომელიც დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებს.

იგორ კორიტკო 2019 წლიდან 2023 წლის ივლისამდე რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი მეტალურგიული კომპანიის, TMK-ის გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა. კორიტკოს მოადგილე ანდრეი პარხომჩუკი კი 2012 წლიდან იკავებს მაღალ თანამდებობებს TMK-ში, მათ შორის ფინანსების მიმართულებით კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს.

მენეჯმენტის ცვლილებასთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვა ხომ არ მოხდა კომპანიის აქტივების გასხვისებაც, თუმცა ამ კითხვას დღეს ირაკლი რუხაძემ უპასუხა და განაცხადა, რომ ქარხანა კვლავ მისი ბიზნესჯგუფის საკუთრებაშია.

ბიზნესრეესტრის ამონაწერის მიხედვით, უცვლელია “რუსთავის ფოლადის” მესაკუთრე, რომელიც ნიდერლანდებში რეგისტრირებულ კომპანიას Tolanius Beheer BV-ს ეკუთვნის, რომელიც თავის მხრივ, ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის Hunnewell Partners-ის შემადგენლობაში შედის.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ჯამური აქტივების ღირებულება - 314 მილიონ ლარი, მისი ვალდებულებები კი 291 მილიონი ლარია. კომპანიის შემოსავალი 2022 წელს 322 მილიონი ლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები