რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე რამდენიმე საწარმოში მათ შორის "ჯეო სტილ"- ში მივიდა. მიზეზი უსიამოვნო სუნია და ჰაერის დაბინძურებაა, რომელიც როგორც ლაცაბიძე ამბობს, დიდი ხანია ქალაქში აწუხებთ.
მედიასთან საუბრისას ლაცაბიძე განმარტავს, რომ სავარაუდოდ, საწარმოებიდან ჰაერის დაბინძურების კონტროლი უშუალოდ მერიის კომპეტენცია არ არის, თუმცა გარემოს დაცვა მისთვის მნიშვნელოვანი საკითხია.
"მიუხედავად იმისა, რომ მონიტორინგი, საწარმოების მიერ გაფრქვეული ნივთიერებების კონტროლი და გარემოზე ზიანის შეფასება არ არის უშუალოდ მერიის კომპეტენცია. არც შესაბამისი გამოცდილება გვაქვს და არც ეს ჩვენი პირდაპირი უფლებამოსილებაა, მაინც ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ჩვენი მოქალაქეების წინაშე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობა, ისე გარემოს დაცვა და ჩვენი ქალაქის კეთილდღეობა.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვმუშაობთ ვაკეთებთ სკვერებს, ვამწვანებთ ქალაქს, ვიწყებთ ჭალის ტყის აღდგენის სამუშაოებს... მესმის მოსახლეობის კომენტარები და განწყობაც: თუ ყოველ საღამოს უსიამოვნო სუნი გვაწუხებს და ქალაქზე ნისლი დგება, ჩვენი ძალისხმევაც და მონდომებაც აზრს კარგავს. სრულიად მესმის, რატომ წერს ვინმე ასეთ კომენტარებს მთავარი ყველასთვის არის სუფთა ჰაერის სუნთქვა.
დღევანდელი ჩვენი შემოვლაც ამ მიზანს ემსახურებოდა. რამდენიმე საწარმო მოვინახულეთ, ასევე ვნახეთ კერძო პირების მიერ დანთებული ცეცხლი, საიდანაც უზარმაზარი დაკვამლიანება მოდიოდა, რაც ასევე სუნის წყაროს წარმოადგენს", - განაცხადა ლაცაბიძემ.
რუსთავის მერი იმედოვნებს, რომ გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით რეგულაციები მათ შორის, ჯარიმები კიდევ უფრო გამკაცრდება.




























