მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსთავსა და ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტისთვის მიწების გამოსყიდვაზე და პროექტის მომზადებაზე 2026-ში 150 მლნ დაიხარჯება - კაკაურიძე

გიორგი კაკაურიძე

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2026 წელს რუსთავსა და ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის განვითარებაზე დაახლოებით 150 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.

გიორგი კაკაურიძე აღნიშნავს, რომ თავდაპირველ ეტაპზე ეს იქნება პროექტირებისა და მიწების გამოსყიდვის სამუშაოები, 2027-2029 წლებში კი პროექტი მშენებლობის ფაზაში გადავა და უფრო მსხვილი კაპიტალური დანახარჯები განხორციელდება. მთლიანობაში პროექტის ბიუჯეტი 1 მილიარდ ლარზე მეტი იქნება.

"მომდევნო წლის ბიუჯეტის განხილვისას მოგვიწევს ამ საკითხის განხილვა. დაახლოებით 150 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართულებით, იმისათვის რომ საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობისთვის საპროექტო დოკუმენტაცია მომზადდეს, ასევე მიწების გამოსყიდვის განხორციელება დაიწყოს. პრემიერმა ახსენა, რომ ჯამში 1 მილიარდ ლარს აღემატება პროექტის ღირებულება და 2027-2029 წლებში მზარდი იქნება და წლიურად 150 მილიონზე მეტი დაიხარჯება ამ პროექტის განვითარებაზე,"- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

რას ითვალისწინებს პროექტი:

"საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება, ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს დაევალა.

მთავრობის დავალების შესაბამისად, ქუთაისსა და რუსთავში საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობისათვის, ფონდი დაიწყებს დეტალური საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას, სამშენებლო სამუშაოებისა და საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის პროცესს, რაც ორივე ტერიტორიაზე სრულფასოვანი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს.

პროექტის განხორციელების შედეგად, ქვეყანაში შეიქმნება თანამედროვე, რეგიონულად განაწილებული საუნივერსიტეტო სისტემა, რომელიც სტუდენტების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განათლებას, კვლევით შესაძლებლობებს და სრულფასოვან სტუდენტურ ცხოვრებას უზრუნველყოფს.

ახალი საუნივერსიტეტო კამპუსები მოემსახურება დამატებით 20 ათას სტუდენტს ქუთაისში, რუსთავი კი შეძლებს 40 ათასი სტუდენტის მიღებას.

თანამედროვე საუნივერსიტეტო ქალაქები შექმნის ახალ, ხარისხიან სივრცეებს ათიათასობით სტუდენტისთვის და განვითარების რეგიონების პოტენციალს", - ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები