მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსთავსა და ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობისთვის მუნიციპალიტეტებს პროექტში ჩართულობა ეთხოვათ

რუსეთის უნივერსიტეტი

მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა 9 თებერვლის განკარგულება, რომელიც რუსთავისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობას უკავშირდება. განკარგულების თანახმად, მუნიციპალიეტეტებს პროექტში ჩართულობა ეთხოვათ, რაც გულისხმობს როგორც მოსახლეობის ინფორმირებაში დახმარებას, ასევე სხვადასხვა ეტაპზე შესაბამისი სანებართვო გადაწყვეტილებების მიღება.

2026 წლის ბიუჯეტის თანახმად, პროექტზე 150 მილიონი ლარის, 2026-2029 წლებში კი ჯამურად 300 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. პროექტზე პასუხისმგებელი მუნიციპალური განვითარების ფონდია, ინიციატივის ფარგლებში კონკრეტული ფაკულტეტები (რომლებიც ჯერჯერობით ცნობილი არაა) თბილისიდან რუსთავში გადაინაცვლებს.

რას ითვალისწინებს პროექტი:

"საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება, ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს დაევალა.

მთავრობის დავალების შესაბამისად, ქუთაისსა და რუსთავში საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობისათვის, ფონდი დაიწყებს დეტალური საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას, სამშენებლო სამუშაოებისა და საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის პროცესს, რაც ორივე ტერიტორიაზე სრულფასოვანი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს.

პროექტის განხორციელების შედეგად, ქვეყანაში შეიქმნება თანამედროვე, რეგიონულად განაწილებული საუნივერსიტეტო სისტემა, რომელიც სტუდენტების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განათლებას, კვლევით შესაძლებლობებს და სრულფასოვან სტუდენტურ ცხოვრებას უზრუნველყოფს.

ახალი საუნივერსიტეტო კამპუსები მოემსახურება დამატებით 20 ათას სტუდენტს ქუთაისში, რუსთავი კი შეძლებს 40 ათასი სტუდენტის მიღებას.

თანამედროვე საუნივერსიტეტო ქალაქები შექმნის ახალ, ხარისხიან სივრცეებს ათიათასობით სტუდენტისთვის და განვითარების რეგიონების პოტენციალს", - ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ პროექტის წარდგენისას პრესრელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები