ქალაქ რუსთავში ამორტიზებული სტადიონის ახლით ჩანაცვლება იგეგმება. ამის შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერიდან ხდება ცნობილი. განაცხადის თანახმად, ახალი სტადიონი არსებული ამორტიზებული სტადიონის ტერიტორიაზე აშენდება და მისი სავარაუდო ღირებულება 2 მილიონი ლარით განისაზღვრება. შესაბამისად, კონტრაქტორმა ჯერ ნიკოლაძის ქუჩაზე არსებული სტადიონის დემონტაჟი უნდა უზრუნველყოს.
“დაგეგმილია 10 000 მაყურებელზე გათვლილი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტადიონის საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავება, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ძირითადი სტადიონის არქიტექტურულ და საინჟინრო გადაწყვეტებს, არამედ მასთან დაკავშირებული თანმდევი ინფრასტრუქტურის — მათ შორის სათადარიგო მოედნის, საშხაპეების, გასახდელების, პრესის და VIP სივრცეების, სადგომების, განათების, უსაფრთხოების სისტემებისა და სხვა აუცილებელი კომპონენტების სრულყოფილ გეგმას. აღნიშნული პროექტი შექმნის მყარ საფუძველს შემდგომი სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად და უზრუნველყოფს რუსთავში სპორტული აქტივობების, მათ შორის საფეხბურთო მატჩების, ახალგაზრდული პროგრამებისა და სხვადასხვა მაღალი დონის სპორტული ღონისძიებების გამართვას”, - ნათქვამია პროექტის აღწერაში.
პროექტით გათვალისწინებულია არანაკლებ 10 000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, მათ შორის VIP და მედია ტრიბუნებიც.
კომპანიებს ტენდერში წინადადებების წარდგენა 11 აგვისტომდე შეეძლებათ.




























