უმსხვილეს რუსულ ავტომწარმოებელ AvtoVAZ-ს ფინანსური პრობლემები აქვს, რის გამო, კომპანია ტოლიატში ერთ-ერთი უდიდესი ქარხნის დახურვას და საქმიანობის შეჩერებას გეგმავს.
სახელმწიფო საწარმო, რომელიც ბაზარზე Lada-ს, Niva-ს და Vaz-ის ბრენდებითაა წარმოდგენილი, ჩინურ კონკურენტებთან გამკლავებას ვერ ახერხებს და მომხმარებელს კარგავს, რაც იქიდან ჩანს, რომ კომპანიის გაყიდვები წლიურად 33%-ითაა შემცირებული.
ამასთან, ვითარებას ართულებს რუსეთში არსებული 21%-იანი რეფინანსირების განაკვეთი, რაც საბანკო სესხით ახალი ავტომობილების შეძენას არამიმზიდველს ხდის. ამას ისიც ემატება, რომ ათწლეულების განმავლობაში AvtoVAZ-ის საქმიანობას სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებდა, რომელსაც ახლა სხვა პრიორიტეტები აქვს.
AvtoVAZ-თან დაკავშირებული მთავარი პრობლემა მაინც დაბალ ხარისხს, ტექნოლოგიის არქონას და მოძველებულ დიზაინს უკავშირდება, რასაც განსაკუთრებით ამწვავებს რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების რეჟიმი.
როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე, კომპანია წარმოებას დროებით წყვეტს და გაკოტრების გამოცხადებას ჯერ არ აპირებს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ AvtoVAZ-ს მომავალში ესეც მოუწიოს.