მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსულ გაზზე შეზღუდვები გვექნება - თემურ გოჩიტაშვილი ბაზრის ლიბერალიზაციაზე

5e25ccf3cea0f
დავით ჯალაღონია
20.01.20 21:41
2237
"ენერგეტიკისა და წყალმომარაგების" შესახებ ახალი კანონი, რომელიც მიმდინარე წელს ამოქმედდა, ელექტროენერგიის მსგავსად, ბუნებრივი გაზის ბაზრის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს.

საქართველოს ნავთობისა და გაზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ თემურ გოჩიტაშვილმა BM.GE-სთან იმ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რაც მომხმარებლებისთვის გაზის ბაზრის გახსნას ახლავს.

„არსებობს გაზის ბაზრის გახსნის გეგმა, რომლიც ერთი წლით ჩამორჩება ელექტროენერგიის მიმართულებას. ჯერჯერობით ასეა.

რაც შეეხება მოთამაშეებისთვის შეღავათებს, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რა დონის ბაზრის ლიბერალიზაცია მოხდება. იდეალურ შემთხვევაში, ნებისმიერ მომხმარებელს, საშუალება ექნება გაზი შეიძინოს ნებისმიერი მომწოდებლისგან, მაგალითად, თბილისში მაცხოვრებელს გაზი შეუძლია, „სოკარისგან“ შეიძინოს, რომელიც როგორც წესი, რეგიონებს ემსახურება და პირიქით“, - განაცხადა თემურ გოჩიტაშვილმა.

კითხვაზე, რა წილს დაიკავებს რუსული გაზი თავისუფალი ბაზრის პირობებში, კორპორაციის წარმომადგენელი პასუხად აღნიშნავს, რომ გარკვეული შეზღუდვები შენარჩუნდება.

„როგორც აღვნიშნე, ეს დამოკიდებულია ბაზრის გახსნის სიღრმეზე. თუ ჩვენ აბსოლუტურად ლიბერალიზაცია მოვახდინეთ, შეიძლება შემოვიდეს რუსეთიდან, სომხეთიდან, უკუნაკადი თურქეთიდან და ა.შ, მაგრამ ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გარკვეული შეზღუდვები გვექნება და ეს შეზღუდვები ის არის, რაც დღეს ისედაც არსებობს, ჩვენ რუსეთიდან ვზღუდავთ გაზის შემოდინებას და ძირითადად, აზერბაიჯანის გაზის მოწოდებაზე ვართ ორიენტირებული, ამიტომ წინასწარ რაიმეს თქმა, ძალიან ძნელია“, - აღნიშნა თემურ გოჩიტაშვილმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წელს საქართველო იმპორტირებული და ადგილობრივი წყაროებიდან საერთო ჯამში, 2 მილიარდ 572.953 მ3 მლნ გაზის მიღებას ელოდება. ამის შესახებ ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ 2020 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსშია მოცემული.

კერძოდ, საპროგნოზო დოკუმენტის მიხედვით, აზერბაიჯანიდან საქართველოში 2 მილიარდ 385.221მ3 მლნ გაზის მოწოდება იგეგმება, მათ შორის "სოკარიდან" - 1 მილიარდ 511.417 მ3 მლნ, "შაჰ დენიზიდან" კი 873.804 მ3 მლნ.

ბალანსში გათვალისწინებულია რუსული წყაროც. „გაზპრომიდან“ 2020 წელს საქართველოში სავარაუდოდ, 169.865 მ3 მლნ გაზის იმპორტი განხორციელდება.

რაც შეეხება ადგილობრივ რესურსს, ამ მხრივ პროგნოზი 17.866 მ3 მლნ-ია.

მოცემული დოკუმენტი ასევე, სხვადასხვა სამომხმარებლო სეგმენტის მიერ გაზზე მოთხოვნის პროგნოზებს გვთავაზობს, რომლის მიხედვით, მომავალ წელს მოსახლეობა 1 მილიარდ 026.353 მ3 მლნ გაზს მოიხმარს, თბოელექტროსადგურებისთვის 600 მ3 მლნ-ია გათვალისწინებული, კომერციული სექტორისთვის კი - 911.6 მ3 მლნ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები