მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსული ავიაკომპანია "ანგარას" თვითმფრინავის კატასტროფას ბორტზე მყოფი ყველა პირი ემსხვერპლა - რუსული მედია

ანგარა

რუსული ავიაკომპანიის თვითმფრინავს AN-24-ს ჩამოვარდნის დროს ცეცხლი გაუჩნდა. ყველა ადამიანი გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია სამოქალაქო დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების რეგიონულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთში, ამურის მხარეში ავიაკომპანია „ანგარას“ კუთვნილი თვითმფრინავი ხუთშაბათს ადგილობრივი დროით 07:36 საათზე ხაბაროვსკის აეროპორტიდან აფრინდა. თვითმფრინავი ხაბაროვსკი-ბლაგოვეშინსკი-ტინდას მიმართულებით მიფრინავდა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი დაშვებისას ჩამოვარდა. კერძოდ, ტინდაში დაშვებისას An-24-ი თავდაპირველად ვერ დაჯდა და მეორე წრეზე წავიდა, რის შემდეგაც მასთან კავშირი გაწყდა.

„ქალაქ ტინდას აეროპორტის დირექტორის ინფორმაციით, ვარდნისას AN-24-ში აალება მოხდა, MI-8 ტიპის თვითმფრინავით ადგილის დათვალიერების შედეგად გადარჩენილები ვერ აღმოაჩინეს“, - წერს მედია. მათივე ინფორმაციით, მაშველების ვერტმფრენი მომხდარის ადგილზე ჯერ ვერ ჯდება, რადგან ადგილი ძნელად მისადგომია და მთის ფერდობზეა.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავში 46-დან 49 ადამიანამდე იმყოფებოდა, აქედან 5 ბავშვი და 6 ეკიპაჟის წევრი.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ტრანსპორტის აღმოსავლეთ რეგიონთაშორისი საგამოძიებო დეპარტამენტის ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლით არის აღძრული, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და თვითმფრინავის ექსპლუატაცია წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სამზე მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. ოპერატიულმა სამსახურებმა გამოცემა TASS-ს განუცხადეს, რომ ჩამოვარდნის ერთ-ერთ ვერსიად ცუდი ხილვადობის პირობებში ეკიპაჟის შეცდომა მიიჩნევა.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ამურის რეგიონში AN-24 თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტთან დაკავშირებით სამთავრობო კომისია შექმნა, რომელსაც ტრანსპორტის მინისტრი ანდრეი ნიკიტინი ხელმძღვანელობს.

უნდა აღინიშნოს, რომ ავიაკომპანია Angara Airlines-ის An-24 თვითმფრინავისთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის. 2019 წლის 27 ივნისს, დილით, ნიჟნეანგარსკში მიმავალი An-24 თვითმფრინავი, რომელშიც 43 მგზავრი იმყოფებოდა, ასაფრენი ბილიკიდან გადმოვიდა, ტექნიკურ შენობას შეეჯახა და მთლიანად დაიწვა. დაიღუპა ორი ადამიანი - თვითმფრინავის მეთაური და ფრენის მექანიკოსი.

სახელმწიფოთაშორისი საავიაციო კომიტეტმა დაადგინა, რომ დაშვებამდე თვითმფრინავს მარცხენა ძრავა გაუფუჭდა და დაშვების შემდეგ An-24-მა ასაფრენ ბილიკზე გაჩერება ვერ შეძლო, მიწაზე გადავიდა და აეროპორტის ღობესთან ჩამდინარე წყლების გამწმენდ ნაგებობას შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. მალევე ავიაკატასტროფის მიზეზად უკანონოდ აშენებული შენობები დასახელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები