აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, რუსული დიზელი ამერიკულ ბაზარზე ვერ შედის.
CNN-ის ინფორმაციით, გზად მყოფმა ტანკერებმა აშშ-ის სანაპიროებისკენ აღებული გეზი სამართლებრივი და რეპუტაციული საფრთხეების გამო შეიცვალეს და შეიძლება კურსი სრულად შეიცვალონ.
გემების გადაადგილების მონაცემებით, პრიმორსკის პორტიდან გამოსული ხომალდი Agioi Fanendes-ი, რომელსაც ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის პორტში 7 ნოემბერს უნდა შეეცურა, აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროსთან გაჩერდა და ახალ განკარგულებებს ელოდება. კიდევ ორმა სანქცირებულმა ტანკერმა, Talisman-მა და Leruo-მ კი მარშრუტი სრულად შეცვალა და ეგვიპტისა და ბრაზილიის მიმართულებით გაემართა.
რაც შეეხება პოლიტიკურ და სამართლებრივ წინააღმდეგობებს, ამერიკული ბიზნესი და საპორტო ოპერატორები რუსული საწვავის მიღებისგან თავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შიშით იკავებენ. გასულ თვეს კონგრესის ორივე პარტიის წარმომადგენლებმა წამყვანი ამერიკული ბანკებისა და პორტების ხელმძღვანელები გააფრთხილეს, რომ რუსული დიზელის იმპორტში მონაწილეობა კანონდარღვევად ჩაითვლება.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა აღნიშნულ გარიგებაზე სპეციალური ლიცენზია გასცა, კანონმდებლების განმარტებით, 2022 წელს მიღებული ფედერალური კანონი რუსული ენერგორესურსების იმპორტს კვლავ მკაცრად კრძალავს.
შესაბამისად, კერძო სექტორის წარმომადგენლებს რუსული დიზელის მიღება არ სურთ, რადგან ეს გადაწყვეტილება სამართლებრივ დავად არ უღირთ.
























