მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი დიზელის ექსპორტის აკრძალვას გაახანგრძლივებს - Reuters

ტანკერი

რუსეთი დიზელის ექსპორტზე დაწესებულ შეზღუდვას წლის ბოლომდე გაახანგრძლივებს, თუმცა აშშ-ის წინაშე აღებული ახალი საექსპორტო ვალდებულებების შესასრულებლად, გარკვეულ კომპანიებს საწვავის კვოტების სისტემით გატანის ნებას დართავს - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს მოლაპარაკებებთან დაახლოებულმა ორმა წყარომ განუცხადა.

მოსკოვი და ვაშინგტონი დიზელის მიწოდებაზე მას შემდეგ შეთანხმდნენ, რაც მიმდინარე თვის დასაწყისში პრეზიდენტებმა ვლადიმირ პუტინმა და დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს. რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების პარალელურად გამოცხადებულმა "ენერგეტიკულმა ზავმა" მოსკოვს საწვავის წარმოების გაზრდის შესაძლებლობა მისცა. ამავდროულად, მიმდინარე წლის დასაწყისში დაფიქსირებულმა საწვავის დეფიციტმა ხელისუფლება აიძულა, ნავთობპროდუქტების ექსპორტზე მკაცრი კონტროლი შეენარჩუნებინა.

ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ საექსპორტო ბაზრებისკენ მიმავალი ოთხი ტანკერი რუსული დიზელით უკვე გზაშია.

ნოვაკმა ასევე აღნიშნა, რომ რუსული ნავთობგადამმუშავებელი ქარხნები შეკეთების შემდეგ სიმძლავრეებს სწრაფად აღადგენენ. წყაროების ცნობით, მას შემდეგ, რაც ობიექტებზე დრონებით თავდასხმები შეწყდა, ოქტომბრის ბოლოსთვის ქარხნების დატვირთულობა თვის დასაწყისთან შედარებით 25%-ით გაიზარდა.

დიზელის ექსპორტის მოქმედი აკრძალვის პირობებში მთავრობა შეზღუდულ ექსპორტს კვოტების სისტემით უშვებს. წყაროების ინფორმაციით, ნოემბერში ეს კვოტები ოქტომბრის მაჩვენებელთან შედარებით ოთხჯერ გაიზრდება და 2 მილიონ ტონას, ანუ დღეში დაახლოებით 0.5 მილიონ ბარელს მიაღწევს. ამასთან, არსებული მთავრობათაშორისი შეთანხმებებით გათვალისწინებული მიწოდებაც გაგრძელდება.

დიზელის ექსპორტზე მოქმედი აკრძალვის ვადა 31 ოქტომბერს უნდა ამოწურულიყო.

წყაროების თქმით, ოქტომბერში მთავრობამ რამდენიმე გადამმუშავებელი ქარხანა აკრძალვისგან გაათავისუფლა და მათ ჯამში 0.5 მილიონი ტონის ოდენობის საექსპორტო კვოტა გამოუყო. მთავრობის ახალი განკარგულება, რომელიც ნოემბრის დასაწყისშია მოსალოდნელი, გაათავისუფლებს კიდევ უფრო მეტ საწარმოს და ახალ საექსპორტო ლიმიტებს დააწესებს. იმ შემთხვევაში, თუ კვოტები სწრაფად ამოიწურება, მთავრობამ შესაძლოა მათი შემდგომი გაზრდაც განიხილოს.

რუსეთში დიზელის ნომინალური წარმოება შიდა მოხმარებას დაახლოებით 40%-ით აღემატება. ქარხნების ნორმალურ სამუშაო რეჟიმში დაბრუნებასთან ერთად, შიდა ბაზარზე მარაგების ჭარბი დაგროვების თავიდან ასაცილებლად მათ საექსპორტო არხები აუცილებლად დასჭირდებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები