მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველოში ფქვილის იმპორტი შემცირდა და ქვეყანამ 3 მილიონ 594 ათასი დოლარის ღირებულების 7 475 ტონა პროდუქტი შეიძინა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წლის ამ პერიოდში მეოთხე წელიწადია, რაც ფქვილის იმპორტი კლების ტენდენციით ხასიათდება.
ამასთან, წელს 5 თვის ჭრილში ფქვილის იმპორტი გაძვირდა და 1 ტონა პროდუქტის საშუალო ღირებულება 480 დოლარი იყო, მაშინ როდესაც გასულ წელს 325 დოლარი იყო.
შემცირების მიუხედავად, რუსული ფქვილი იმპორტში მაინც ძირითად ადგილს იკავებს. იანვარ-მაისში ამ მიმართულებიდან 1 მილიონ 872 ათასი დოლარის 4 490 ტონა ფქვილი შემოვიდა. კლება 53.3%-ია.
რუსეთის გარდა ფქვილი შემოდის თურქეთიდან [$777 ათასი, 1 255 ტონა], აზერბაიჯანიდან [$601 ათასი, 1 336 ტონა], იტალიიდან [$206 ათასი, 184 ტონა], უკრაინიდან [$82 ათასი, 152 ტონა].
ცნობისთვის, ხორბლის მთავარ მომწოდებელ ქვეყანაში 2022 წლიდან პროდუქტის ექსპორტზე დაწესებულმა გადასახადმა ქართველი მეხორბლეები და წისქვილები რთულ ვითარებაში ჩააყენა და ხორბლის შეძენა გაუძვირა. ამასთან, 2022 წელს რეკორდულად გაიზარდა ფქვილის იმპორტი, რადგან იმავე რუსეთში ამ დასახელების საქონელზე ნულოვანი საექსპორტო გადასახადი მოქმედებდა, რამაც ხორბლის იმპორტისადმი ინტერესი შეამცირა, ფქვილისადმი კი გაზარდა. შედეგად საქართველოში ხორბლის ადგილობრივი გადამუშავება, ფაქტობრივად, გაჩერდა, ფერმერებს კი მოყვანილი მოსავალს ვეღარ აბარებდნენ.
ქვეყანაში ხორბლის ბაზარზე შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, 2023 წელს დარგის წარმომადგენლების მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს მთავრობამ გასული წლის 12 ივნისიდან ქვეყანაში რუსული ფქვილის იმპორტზე 200-ლარიანი გადასახადი დააწესა. გადაწყვეტილება ძალაში პირველ ნოემბრამდე უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით, ოქტომბერში მთავრობამ, ისევ დარგის მოთხოვნით, ფქვილის იმპორტის გადასახადი 250 ლარამდე გაზარდა, ვადა კი 2024 წლის პირველ მარტამდე გაახანგრძლივა. ფქვილის გარდა, იმპორტის გადასახადი ქერსა და ქატოზეც დაწესდა, რაც ტონაზე 100 ლარითაა განსაზღვრული. დარგის წარმომადგენლების შეფასებით, გადაწყვეტილებამ იმუშავა და ქვეყანაში ხორბლის იმპორტი გაიზარდა, ფქვილის კი შემცირდა. საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის მოთხოვნის საფუძველზე, მთავრობამ ქვეყანაში ფქვილსა და სხვა მარცვლეულზე საიმპორტო გადასახადი მარტის შემდეგ 1 სექტემბრამდე გაახანგრძლივა. ეს იმ დროისთვის მეორე გადავადება იყო. თუმცა აგვისტოში კვლავ დარგის წარმომადგენლების მოთხოვნით და მთავრობის გადაწყვეტილებით, გადასახადის მოქმედების ვადა 2025 წლის 1-ელ მარტამდეა გახანგრძლივებული, შემდეგ კი 2025 წლის პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა. ამის შემდეგ დადგენილება შეიცვალა და გადასახადი განუსაზღვრელი ვადით იმოქმედებს, სანამ რუსეთი ხორბლის საბაჟო გადასახადს არ მოხსნის. მეხორბლეების შეფასებით, გარდა იმისა, რომ ამ ვითარებამ სექტორზე დადებითად იმოქმედა, ქვეყნის ბიუჯეტშიც 2024 წელს გადასახადის სახით დაახლოებით 40 მლნ ლარი შევიდა.




























