მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული იერიშების გამო, უკრაინაში მზესუმზირის ზეთის უმსხვილესი მწარმოებელი რვავე ქარხანა გაჩერდა

Kernel Holding

უკრაინაში მზესუმზირის ზეთის უმსხვილესმა მწარმოებელმა და ექსპორტიორმა Kernel Holding-მა, რუსული იერიშების გამო, რვავე გადასამუშავებელი ქარხნის მუშაობა შეაჩერა.

კომპანიის განცხადებით, ბოლო დღეებში რუსულმა დრონებმა უკრაინის გადასამუშავებელ ობიექტებზე მიზანმიმართული იერიშები მიიტანეს, რამაც Kernel-ის საწარმოო შენობები, აღჭურვილობა და რეზერვუარები დააზიანა.

ჰოლდინგში განმარტეს, რომ მზესუმზირის ზეთის წარმოება ხანძრის მაღალ რისკს უკავშირდება და მოქმედ საწარმოზე დრონის მოხვედრამ შესაძლოა, მასშტაბური ხანძარი გამოიწვიოს. შესაბამისად, თანამშრომელთა უსაფრთხოების მიზნით, კომპანიამ ქარხნების გაჩერებასთან ერთად მზესუმზირის თესლის შესყიდვაც შეაჩერა.

ქარხნების გაჩერებისა და მიყენებული ზიანის მიუხედავად, Kernel Holding-ში განაცხადეს, რომ კომპანია სრულ საოპერაციო და ფინანსურ სტაბილურობას ინარჩუნებს. ამასთან, ჰოლდინგი საწყობებიდან არსებული მარაგების გადავსებას განაგრძობს და უკრაინელ ფერმერებთან წინასწარ გაფორმებულ შეთანხმებებს შეასრულებს.

ცნობისთვის: Kernel-ის გადაწყვეტილებამდე ორი დღით ადრე, უკრაინის სამხედრო დაზვერვის წყარომ Kyiv Independent-ს განუცხადა, რომ რუსეთი მთელი ქვეყნის მასშტაბით კვების მრეწველობის ობიექტებზე იერიშებს ამზადებდა. წყაროს ცნობით, სამიზნეებს შორის მზესუმზირისა და სხვა მცენარეული ზეთის საწარმოებიც შედის, თავდასხმები კი სასურსათო უსაფრთხოების შერყევას, ეკონომიკური ზიანის მიყენებასა და გლობალურ აგრარულ ექსპორტში რუსეთის წილის ზრდას ისახავს მიზნად.

ცნობისთვის, Kernel Holding-ი ფლობს ზეთის ექსტრაქციის რვა ქარხანას, რომელთა წლიური გადასამუშავებელი სიმძლავრე 3.5 მილიონ ტონა მზესუმზირის თესლს აღწევს. რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე კომპანია მზესუმზირის ზეთის მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელი და ექსპორტიორი იყო და გლობალური წარმოების დაახლოებით 9%-ს იკავებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები