აგვისტოში უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე იერიში სულ მცირე 21-ჯერ მიიტანეს, რაც ომის დაწყების შემდეგ სარეკორდო მაჩვენებელია. Bloomberg-ის ინფორმაციით, დარტყმების სამიზნე ქვეყნის ათი უმსხვილესი ქარხნიდან ოთხი ობიექტი გახდა, რომლებიც ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ და ინდუსტრიულად განვითარებულ რეგიონებს ამარაგებენ.
კვლევითი კომპანია EA Analytics-ის მონაცემებით, აგვისტოში რუსეთში ნავთობის გადამუშავების საშუალო დღიურმა მოცულობამ დაახლოებით 3.8 მილიონი ბარელი შეადგინა. შედარებისთვის, ზაფხულის სეზონზე, როდესაც ტურიზმისა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების გამო საწვავზე მოთხოვნა პიკს აღწევს, ქვეყანაში დღიურად 5.3-იდან 5.5 მილიონ ბარელამდე ნავთობს გადაამუშავებდნენ.
როგორც ირკვევა, გადამუშავების მკვეთრმა შემცირებამ რუსეთის შიდა ბაზარზე საწვავის დეფიციტი გამოიწვია. Bloomberg-ის წყაროს ცნობით, აგვისტოს პირველ სამ კვირაში, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბენზინის წარმოება და შიდა მიწოდება თითქმის 20%-ით შემცირდა, ხოლო დიზელის გამოშვება 23%-ზე მეტით დაეცა. უკრაინულ იერიშებამდე რუსეთი დიზელის გლობალური ექსპორტის 10%-ს უზრუნველყოფდა, თუმცა შექმნილი კრიზისის გამო საწვავის ეს მოცულობა ამჟამად სრულად ქვეყნის შიგნით რჩება.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ სექტემბერში ნავთობის გადამუშავებამ, შესაძლოა, ოდნავ იმატოს და დღეში 4.2 მილიონ ბარელს მიაღწიოს. თუმცა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თუ უკრაინული დრონების თავდასხმები ამავე ინტენსივობით გაგრძელდება, მაჩვენებლების ვარდნა კვლავ მოსალოდნელია.




























