მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსული კანონი" და ბანკები - რა ვალდებულება უჩნდება ბანკებს?

ბანკები

რა ნაწილში შეეხება "რუსული კანონი" ბანკებს და რა ინფორმაციის გაცემა მოუწევს სექტორს საჯარო რეესტრისთვის - ეს კითხვები BMG-იმ "ქართული ოცნების" წევრებს დაუსვა. მათმა ნაწილმა კომენტარისგან თავი შეიკავა, ნაწილის პასუხი კი ისევ კითხვებს ტოვებს.

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, "რუსული კანონის" ერთ-ერთმა ავტორმა კითხვას სასურველი პასუხი გასცა, დამაზუსტებელი კითხვის დასმის შესაძლებლობა კი BMG-ის არ მისცა.

"ბანკი იქნება თუ ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელსაც ისეთი ორგანიზაციულ - სამართლებრივი ფორმა აქვს, რომ ის არის არასამთავრობო ორგანიზაცია, ასეთი დათქმა იქნება - თუ ის იქნება არაკომერციული იურიდიული პირი და 20%-ზე მეტს იღებს უცხოეთიდან შემოსავალს, კანონის გავრცელება მასზე იქნება. შესაბამისად, ახლა თქვენ კარგად მოიკითხეთ, ასეთები ბანკები არიან თუ არა და თქვენ კითხვაზე პასუხი იქნება, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძისგან განსხვავებით, ოდნავ მეტი თქვა არჩილ თალაკვაძემ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე აღიარებს, რომ კანონი ბანკებსაც შეეხება.

"კანონში არ არის რაიმე მექანიზმი, რომ ბანკს მონაცემების გამოქვეყნების აპრიორი ვალდებულება აქვს. თუ წარმოების პროცესში იუსტიციის სამინისტრო მიიჩნევს, რომ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მას ასეთ მონაცემებზე დაშვება სჭირდება, ეს პროცედურაც კანონით არის განსაზღვრული", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

დეპუტატს არ დაუკონკრეტებია, რომელ კანონს გულისხმობდა ის. შესაბამისად, რას ნიშნავს შესაბამისი მოქმედება და რა ინფორმაციის მოთხოვნა შეეძლება იუსტიციის სამინისტროს, უცნობია. ამასთან, თალაკვაძე პირობას დებს, რომ პერსონალური მონაცემები დაცული იქნება.

"პერსონალური მონაცემები დაცული იქნება, როგორც ეს კანონმდებლობაშია განსაზღვრული. არანაირი სტანდარტი ამ მიმართულებით არ იცვლება", - თქვა მან.

გადაფარავს თუ არა "რუსული კანონი" როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის, ისე კომერციული ბანკების შესახებ კანონს, ბუნდოვანია. არასამთავრობო სექტორში აცხადებენ, რომ "ქართული ოცნების" კანონის მთავარი სტრატეგია ბუნდოვანებაა. ახლა ყველა ნათია თურნავას განმარტებას ელის, თუმცა ეროვნული ბანკი რამდენიმე დღეა კომენტარს არ აკეთებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები