მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რუსული კანონი მეხივით დაგვეცა და ყველაფერი შეცვალა" - ქეთი გუჯარაიძე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე

ქეთი გუჯარაიძე

ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" პოლიტიკის ანალიტიკოსის, ქეთი გუჯარაიძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო "ორჰუსის კონვენციის" (გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი საერთაშორისო შეთანხმება) ნაწილი წლების განმავლობაში იყო, პრაქტიკაში მოქალაქეების ჩართულობა არ იყო უზრუნველყოფილი და რეალური ცვლილებები 2018 წლიდან, OGP-ის პლატფორმის დახმარებით დაიწყო.

ამის შესახებ ქეთი გუჯარაიძემ "ანალიტიკას" ეთერში, საქართველოს "ღია მმართველობის პარტნიორობიდან" (OGP) გამორიცხვის შეფასებისას ისაუბრა.

მისი თქმით, ამ თანამშრომლობას ენერგეტიკული და წიაღისეულის მომპოვებელი პროექტების გამჭვირვალობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები მოჰყვა, თუმცა, "რუსული კანონის" გამოჩენამ ეს პროცესი სრულად შეაჩერა.

"სწორედ ამ რუსული კანონების მიღებამდე, წინა წლებში გვქონდა ძალიან დიდი მონდომებით და მთავრობის ადმინისტრაციაში მომუშავე საჯარო მოხელეების დიდი ჩართულობით პროცესი წამოწყებული... საკმაოდ კარგი და მძიმე სამუშაო იყო გაწეული, მაგრამ დაგვეცა რუსული კანონები და ყველაფერი შეცვალა", - აცხადებს გუჯარაიძე.

OGP-დან გარიცხვა, ქეთი გუჯარაიძის შეფასებით, ერთგვარი ლაკმუსის ტესტია იმის საჩვენებლად, რომ ქვეყანა დემოკრატიის ნაცვლად ავტორიტარიზმისკენ მიდის. ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო პლატფორმებიდან დისტანცირება პირდაპირ კავშირშია კორუფციის რისკების ზრდასთან.

გადაცემაში მან კონკრეტული მაგალითი - თბილისსა და გონიოში დაგეგმილი მეგაპროექტი მოიყვანა: "გამჭვირვალობა არის კორუფციის საწინააღმდეგო წამალი... თუ გადაწყვეტილებებს იღებ დახურულ კარს მიღმა, რაზე შეიძლება ეს მეტყველებდეს? გავიხსენებ "იგლ ჰილსის" პროექტს... ყველაზე დიდი მღელვარება მოჰყვა იმას, რომ არ ვიცით, რა წერია ხელშეკრულებაში... ბატონმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა რაღაც დეტალები და თქვა, რომ ამის მეტის ცოდნა თქვენთვის საჭირო არ არისო... როგორ შეიძლება, რომ ქვეყანას არ ჰქონდეს ვალდებულება [ინვესტორის წინაშე], ხელშეკრულების საგანი რა არის მაშინ? ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი რამ", - ამბობს გუჯარაიძე.

მისი თქმით, ეს ფაქტი პირდაპირ ეწინააღმდეგება OGP-სთან აღებულ ვალდებულებებს: "როდესაც ხელისუფლება უარს ამბობს გაასაჯაროოს მსხვილი საინვესტიციო ხელშეკრულებების დეტალები და მოქალაქეებს ეუბნება, რომ მათ ეს "არ სჭირდებათ", ირღვევა ღია მმართველობის მთავარი პრინციპი - ანგარიშვალდებულება",- განმარტავს ის.

"მწვანე ალტერნატივას" წარმომადგენელი ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მოქალაქეებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის ხიდის ფუნქციას ასრულებენ და როდესაც ხელისუფლება ამ ხიდს ანგრევს, მოქალაქეს საკუთარი უფლებების დასაცავად მხოლოდ პროტესტი რჩება.

"ჩვენ მიგვქონდა ხმა, მოქალაქეების ხმა, სტრუქტურირებულად, გამართულად შესაბამის გადაწყვეტილების მიმღებ პირამდე... თუ შენ ამ გზას ჩეხავ და მაგიდასთან ჩვენი ადგილი და მოქალაქეების ადგილი აღარ არის, მაშინ ისინი ეძებენ უკვე სხვა საშუალებებს. ეს ბუნებრივია. გავიხედოთ რუსთაველზე და ვნახოთ რა ხდება – რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ ჩაგვიჩეხეს ეს გზები. თუ მაგიდასთან არ გსვამენ და არ გესაუბრებიან, მაშინ ერთადერთი გზა მოქალაქეს რჩება, რომ გავიდეს ქუჩაში", - ამბობს ანალიტიკოსი.

რაც შეეხება გამოსავალს შექმნილი კრიზისიდან, სამოქალაქო სექტორის პოზიციაა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ და ბიზნესმა მთავრობასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის რესურსები ამოწურა.

"ბურთი მთავრობის მოედანზეა. თვითონვე მოიქციეს ჩიხში თავი და აქედან გამოსავალი მხოლოდ მათ შეუძლიათ იპოვონ – ისევ და ისევ ჯერ სურვილის ჩვენებით, რომ აქვთ რაღაც ნორმალიზაციისკენ სურვილი, და მერე უკვე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით... ჩვენ რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ. დღეს ბურთი არის მათ მოედანზე და ყველა მათ უყურებს," - აცხადებს ქეთი გუჯარაიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები