14 მაისს, რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ ლარის გაცვლითმა კურსმა კორექცია დაიწყო. 15 მაისს დოლარის ღირებულება 2.68 ლარიდან 2.73 ლარამდე გაიზარდა, ხოლო უკვე საღამოს დოლარის კურსმა Bloomberg-ის სისტემაში ჯერ 2.80 ლარს, შემდეგ კი 2.82 ლარს მიაღწია. 16 მაისს კი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის პირველი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და 60 მილიონი დოლარი გაყიდა. აღნიშნული ინტერვენციის შედეგად, Bloomberg-ის სისტემაში ერთი დოლარის ღირებულება, რომელიც იქამდე 2.81 ლარს აჭარბებდა, 2.76 ლარამდე შემცირდა. ეროვნული ბანკის განმარტებით, მათ მიერ ინტერვენციის განხორციელება შექმნილი აჟიოტაჟური მოთხოვნის საპასუხოდ მოხდა, სებ-ის ინფორმაციით, აღნიშნულ პროცესს ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებიც სდევდა თან, რამაც გაცვლით კურსზე გაუფასურების მიმართულებით შექმნა ზეწოლა.