მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსული კანონის" მიღებით ქართული კომპანიებისთვის დონორებისგან დაფინანსების მიღება გართულდება - სოსო ბერიკაშვილი

სოსო ბერიკაშვილი

ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი მიიჩნევს, რომ ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებული პროცესები საქართველოს ეკონომიკას დააზარალებს.

როგორც ეკონომისტმა BMG-ის განუცხადა, შესაბამისი კანონის მიღებით ქართული კომპანიებისთვის დონორი ორგანიზაციების დაფინანსების მიღება გართულდება, რაც საბოლოოდ ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება.

სოსო ბერიკაშვილის თქმით, მიმდინარე მოვლენების ფონზე, შესაძლოა, საქართველოში მოსალოდნელზე დაბალი ეკონომიკური ზრდაც დაფიქსირდეს.

„სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციების პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ის ფარგლებში გაიზრდება. თუმცა როდესაც მთავრობა არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას იღებს და ხალხთან დაპირისპირებულია, ეს აუცილებლად დააზარალებს ქვეყნის ეკონომიკას. ქართული ბიზნესი მნიშვნელოვნადაა დონორი ორგანიზაციების დაფინანსებაზე დამოკიდებული. მათ შორის, კომპანიები მსგავსი ტიპის დახმარებებს არასამთავრობო სექტორის გავლით იღებენ ხოლმე. ამ კანონით კი მათ ხელისუფლება უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელს ეძახის. ეს კანონი საფრთხეს ქმნის, რომ საქართველოსთვის სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების დახმარებები შეჩერდეს, რაც ეკონომიკაზე საბოლოოდ ნეგატიურად აისახება“, - განაცხადა განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა.

ცნობისთვის, 17 აპრილს, საქართველოს პარლამენტმა "რუსული კანონი" პირველი მოსმენით მიიღო. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი 0-ის წინააღმდეგ.

„ქართული ოცნების“ კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ, თუმცა მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები