მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსული კანონის“ წინააღმდეგ ბრძოლას ვაგრძელებთ. აგენტებად არ დავრეგისტრირდებით - EPRC

ირინა გურული

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ (EPRC) დირექტორის მოადგილე ირინა გურული აცხადებს, რომ თუ საქართველოს პარლამენტმა „რუსული კანონი“ მიიღო, EPRC საქმიანობას ვეღარ გააგრძელებს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.

„კანონის მიღების შემთხვევაში, ის ორგანიზაციები, რომელთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში დარეგისტრირდეს. ჩვენი ნებით, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დავრეგისტრირდეთ, რაც ითვალისწინებს ორგანიზაციის დაჯარიმებას. ამდენად, ბუნებრივია, მუშაობას ვერ გავაგრძელებთ და მოგვიწევს, საქმიანობის შეწყვეტა.

ისიც საკითხავია, თავად დონორებს რამდენად მოუნდებათ ამ პირობებში მუშაობა და რამდენად შენარჩუნდება მათი დახმარება. ყველაზე მთავარი - კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მთავარი მონაპოვარი - ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი “, - განაცხადა ირინა გურულმა.

EPRC-ის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ამოქმედდა, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, ბიზნესს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებაში ეხმარება.

"მაგალითად, შვედეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, 1000-ზე მეტ ბიზნესს მივეცით შესაძლებლობა, აემაღლებინა უნარ-ჩვევები; ასევე, 200-მდე კომპანიას დავეხმარეთ საერთაშორისო ბაზრებზე წვდომისთვის საჭირო უნარების ამაღლებაში. ჩვენი პროექტების მხარდაჭერით, არაერთი ორგანიზაცია დარეგისტრირდა „ამაზონზე“, რათა საერთაშორისო ბაზრებზე შეძლოს თავისი პროდუქციის რეალიზაცია. გარდა ამისა, წლების განმავლობაში, ვატარებდით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გაყიდვების ფორმატის ბაზრობებს, რათა ამ გზით დავხმარებოდით ადგილობრივი წარმოების პოპულარიზაცია-გაყიდვებში და ა.შ.

რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, წელს, ევროკავშირის მხარდაჭერით, 500-მდე ახალგაზრდას ვაძლევთ საშუალებას, მონაწილეობა მიიღოს საზაფხულო ბანაკებში. გარდა ამისა, ახალგაზრდა მკვლევრებთან ერთად ვმუშაობთ, რომ ავუმაღლოთ ცოდნა-გამოცდილება და სამთვიანი პრაქტიკის მისაღებად გაემგზავრონ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

ამდენად, მიგვაჩნია, რომ ვმუშაობთ ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვატარებთ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესს“, - განმარტა ირინა გურულმა.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ეკონომიკურ განვითარებას, დემოკრატიის გაძლიერებასა და ეროვნული უსაფრთხოების გაუმჯობესებას.

კომპანიის ვებგვერდზე საჯაროა მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ ინფორმაცია დამფინანსებლის წყაროების და თანხების მოცულობის მიხედვით, რაც იმას ნიშნავს, რომ EPRC-ის საქმიანობა და ფინანსური მდგომარეობა ისედაც გამჭვირვალეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები