"„რუსული კანონით“ და რუსული რეჟიმით პირველ რიგში რისკის ქვეშ ახალგაზრდების მომავალს ვაყენებთ,“- ამის შესახებ BM.GE-სთან ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელმა , გიორგი მელაშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, საქართველოში სტუდენტები ტრადიციულად ქვეყნის თავისუფლებას იცავდნენ და ქვეყნის დამოუკიდებლობითვის იბრძონდნენ.
„ეს არის ქართული ტრადიცია. ვიტყოდი, აკადემიური ტრადიციაც, როდესაც სტუდენტები ჩვენს სამშობლოს იცავენ. ძალიან ამაყი ვარ, რომ დღეს ეს ტრადიცია გრძელდება. რომ დღეს სტუდენტები გამოდიან „რუსული კანონის“ წინააღმდეგ და მხარს უჭერენ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის წარმატებას.
ჩვენ გვქონდა რეალურად ინფორმაცია, რომ სტუდენტები ნამდვილად აპირებდნენ გაფიცვას, მაგრამ როდესაც შედიხარ უნივერსიტეტში და ხედავ დაცარიელებულ უნივერსიტეტს, სადაც ერთი-ორი პროფესორი დადის და ერთმანეთში ვსაუბრობთ წინა ღამეზე, ეს იყო ძალიან შთამბეჭდავი. არცერთ აუდიტორიაში სტუდენტი არ ყოფილა. ეს არის პირდაპირი გზავნილი და ეს არის პირდაპირი მაჩვენებელი იმ ერთობის, ერთიანობის, რომელიც არსებობს არა მარტო სტუდენტებში, არამედ ყველა ადამიანში, რომლისთვისაც ჩვენი დასავლური მომავალი მნიშვნელოვანია.
ჩვენ, „რუსული კანონით“ და რუსული რეჟიმით პირველ რიგში რისკის ქვეშ ახალგაზრდების მომავალს ვაყენებთ. მომავალს, რომ იცხოვრებდნენ დემოკრატიულ, თანამედროვე და ნორმალურ ევროპულ საქართველოში. შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ "რუსული ოცნება", ამ თავისი კანონპროექტით გრძელვადიან პერსპექტივაში ჩაკეტავს დასავლეთში განათლების მიღების შესაძლებლობას. რა თქმა უნდა, ეს იქნება სავალალო შედეგის მომტანი.
ყველა სტუდენტს უნდა საუკეთესო დასავლურ უნივერსიტეტებში სწავლა გააგრძელოს და არა სადღაც, გაუგებარ, რუსულ, ჩრდილოეთ კორეულ სასწავლო დაწესებულებაში“, -აცხადებს ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი.
მელაშვილის თქმით, დასავლური განათლება არ უნდა იყოს მხოლოდ პრემიერისა და დეპუტატების შვილებისთვის. ეს უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა საქართველოს მოქალაქისთვის.