2025 წლის I ნახევარში ტაივანი რუსული ნაფტას (ე.წ. ლიგროინი - ნავთობის გამოხდის ერთ-ერთი პროდუქტი; „მძიმე ბენზინი“) უმსხვილესი იმპორტიორი და მოსკოვის საექსპორტო შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყარო გახდა - ამის შესახებ 4 არასამთავრობო ორგანიზაციის საერთო კვლევაშია საუბარი.
ანგარიშის თანახმად, 2022 წლიდან 2025 წლის I ნახევრამდე ტაივანის იმპორტი ექვსჯერ გაიზარდა და რუსეთის ბიუჯეტში, წიაღისეულის მოპოვების საგადასახადო შემოსავლების სახით, $1.7 მილიარდი შეიტანა. ეს თანხა საკმარისია 170 000 "გერბერას" ტიპის საჰაერო დრონის დასაფინანსებლად, რომლებიც ხშირად გამოიყენება უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმების დროს.
საერთო ჯამში, ტაივანმა 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის ივნისამდე პერიოდში 6.8 მილიონი ტონა რუსული ნაფტის იმპორტი განახორციელა, რომლის ღირებულებამაც $4.9 მილიარდი შეადგინა.
ანგარიშის თანახმად, ეს რაოდენობა რუსეთიდან ნაფტის მთლიანი ექსპორტის 20%-ს შეადგენს, რაც ტაივანს რუსეთის სიდიდით მესამე იმპორტიორად აქცევს.
ანგარიშში ისიც აღნიშნულია, რომ ტაივანმა, 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უკრაინას ორმხრივი დახმარების სახით $50 მილიონი გამოუყო, პარალელურად, ამ პერიოდში მან რუსეთისგან $11.2 მილიარდის ღირებულების წიაღისეული საწვავი შეისყიდა.
ნაფტა, რომელიც რუსეთის სუფთა ნავთობის ექსპორტის 26%-ს შეადგენს, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ტაივანის ნახევარგამტარების ინდუსტრიისთვის, რომელიც კუნძულის ეკონომიკის სასიცოცხლო სექტორს და გლობალური მიწოდების ჯაჭვის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს არა მხოლოდ ზრდის ტაივანის დამოკიდებულებას რუსეთზე, არამედ მას უფრო დაუცველს ხდის გეოპოლიტიკური დარღვევებისა და მეორადი სანქციების მიმართ.
კიევის დასავლელი პარტნიორები დიდი ხანია, რუსეთის წიაღისეული საწვავის ექსპორტზე სანქციების გამკაცრებას ცდილობენ, რაც მისი შემოსავლის მთავარ წყაროს წარმოადგენს უკრაინის წინააღმდეგ მისი სრულმასშტაბიანი ომის წარმოებისთვის.




























