საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება, ერთკვირიან ჭრილში ბარელი Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 3.23%-ითაა გაზრდილი და ამჟამად 86 დოლარს აღწევს; რაც შეეხება WTI Crude-ს, მისმა ღირებულებამ 4.41%-ით მოიმატა და 80 დოლარს აჭარბებს.
აღსანიშნავია, რომ ბირჟაზე ამჟამად რუსული ნავთობი ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის ქვეყნების მიერ დაწესებულ საფასო ლიმიტზე ($60) უფრო ძვირად ივაჭრება და ამ მომენტისათვის 62.6 დოლარს შეადგენს. ერთკვირიან ჭრილში ბარელი Urals-ის ღირებულება 15.5%-ით გაიზარდა.
რუსული ნავთობის გაძვირება პირდაპირ კავშირშია ჩინეთში საწარმოო აქტივობის რეკორდულ ზრდასთან. მოგეხსენებათ, ჩინეთი რუსეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და ნავთობმომხმარებელია, შესაბამისად, მისი ეკონომიკური აქტივობის გააქტიურება პირდაპირ აისახება Urals-ის ფასზე.
გასათვალისწინებელია, რომ დასავლურ სახელმწიფოებს ფაქტობრივად შეწყვეტილი აქვთ რუსული ნავთობის იმპორტი, შესაბამისად, ზემოხსენებული ფასი ძირითადად აზიის ქვეყნებს და, მათ შორის, საქართველოს ეხება.
რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ევროპული ბენჩმარკის, Dutch TTF-ის ღირებულება მეგავატ-საათზე 42 დოლარს შეადგენს, რაც ერთ კვირაში დაფიქსირებული ვარდნის 7.38%-იანი მაჩვენებელია. ერთწლიან ჭრილში ევროპაში გაზის ფასი 81%-ით შემცირდა.