მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული ნავთობის ექსპორტის მოცულობა შემცირდა - რა არის მიზეზი?

ექსპორტი

რუსეთის ფედერაციიდან ნავთობის ექსპორტის საშუალო დღიურმა მაჩვენებელმა, 16 მარტიდან 12 აპრილამდე პერიოდში, დღეში 3.2 მილიონ ბარელამდე იკლო, რაც 2025 წლის აგვისტოს შემდეგ დაფიქსირებულ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე ჩამოვიდა.

Finway-ს ინფორმაციით, წინა ერთთვიან პერიოდთან შედარებით, მიწოდება დღეში 200,000 ბარელით შემცირდა. ექსპორტის კლების მთავარი მიზეზი ნოვოროსიისკში მდებარე სტრატეგიული ტერმინალის, "შესხარისის" მუშაობის შეფერხება გახდა, რომელიც 5 აპრილის ღამეს განხორციელებული უკრაინული თავდასხმის შედეგად დაზიანდა და ხუთი დღის განმავლობაში უფუნქციო იყო. მართალია, ბალტიის ზღვაზე მდებარე "უსტ-ლუგას" ტერმინალმა მუშაობა განაახლა, თუმცა ამან მიწოდების საერთო დანაკლისი მაინც ვერ აანაზღაურა.

ექსპორტის მოცულობის შემცირების მიუხედავად, რუსეთის შემოსავლები ნავთობის გაყიდვიდან კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება და ირანის ომის გამო, მატებასაც განაგრძობს. განხილულ პერიოდში ქვეყნის ყოველკვირეულმა შემოსავალმა საშუალოდ $2.12 მილიარდი შეადგინა, მაშინ როცა წინა თვეში ეს მაჩვენებელი $2.07 მილიარდი იყო.

რუსული ნავთობის ძირითად მყიდველებად კვლავ ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი რჩებიან. ამასთან, სულ უფრო ხშირად ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ტანკერები რეალურ დანიშნულების ადგილს მალავენ და მის ნაცვლად "პორტ სუდანის" ან "სუეცის" პორტებს უთითებენ. აღნიშნული ტენდენცია რუსული ნედლეულის საბოლოო ადრესატების იდენტიფიცირებასა და მონიტორინგის პროცესს მნიშვნელოვნად ართულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები