მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული ნავთობის გამო, EU ქართული და ინდონეზიური პორტების სანქცირებას გეგმავს - Reuters

ყულევის ტერმინალი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე მუშაობს. ევროკომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტზე საერთაშორისო მედიაში უკვე ვრცელდება ცნობები. როგორც Reuters წერს, ევროკავშირის სანქციების სამიზნე პირველად გახდებიან მესამე ქვეყნის პორტები, ამ შემთხვევაში საქართველოსა და ინდონეზიაში. საქართველოს შემთხვევაში საუბარია ყულევის პორტზე. სააგენტოს ცნობით, ორივე პორტი რუსულ ნავთობს ემსახურება და ამიტომ გახდა სანქციების სამიზნე.

რადიო თავისუფლება ევროკომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოს პორტის სანქცირების საჭიროება დოკუმენტში ასეა დასაბუთებული: „ყულევის პორტი გამოიყენება ნედლი ნავთობის ან ნავთობპროდუქტების საზღვაო ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც წარმოებულია რუსეთში ან ექსპორტირებულია რუსული გემებით, რომლებიც იყენებენ არარეგულარულ და მაღალი რისკის მქონე გადაზიდვის პრაქტიკას“.

კანონპროექტის მიხედვით, ყულევისა და კარიმუნის პორტები სანქციების სიას დაემატება და ევროპულ კომპანიებს და ინდივიდებს ტრანზაქციების განხორციელება აეკრძალებათ.

ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი ასევე ითვალისწინებს იმპორტის აკრძალვას ისეთ ლითონებზე, როგორიცაა ნიკელი, რკინის მადანი და კონცენტრატები, დაუმუშავებელი და დამუშავებული სპილენძი და სხვა მეტალები.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა (EEAS) ასევე წარადგინა წინადადება სანქციების სიაში 30 ფიზიკური პირისა და 64 კომპანიის დამატების შესახებ. იმისთვის, რომ პროექტი კანონად იქცეს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის მხარდაჭერა სჭირდება. როგორც წესი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიღებას უნგრეთი და სლოვაკეთი ეწინააღმდეგებიან ხოლმე, თუმცა Bloomberg წერს, რომ საბერძნეთი და მალტა ამჟამად თავს იკავებენ შემოთავაზებული პაკეტის მხარდაჭერაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები