რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო კორპორაცია Rosatom-ი საქართველოსა და სომხეთში მცირე სიმძლავრის ჰესების მშენებლობით არის დაინტერესებული, ამის შესახებ "როსატომ სერვისის" გენერალურმა დირექტორმა ევგენი სალკოვმა გამოცემა Tass-თან განაცხადა.
"როსატომ სერვისი" წარმოადგენს Rosatom-ის შვილობილ კომპანიას, რომელიც ჰიდროენერგეტიკულ პროექტებსაც ახორციელებს. Tass-ის თანახმად, კომპანია ყირგიზეთში უკვე მეორე ჰესის მშენებლობით არის დაკავებული. ევგენი სალკოვის თქმით, კომპანია საქართველოსა და სომხეთში ინვესტიციების განხორციელებას და მცირე სიმძლავრის ჰესების მშენებლობას განიხილავს.
Rosatom-ი რუსეთსა და რუსეთს გარეთ ატომური ელექტროსადგურების მშენებლობითა და ოპერირებით არის დაკავებული. კომპანია არ არის დიდი შვიდეულის სანქციების ქვეშ, თუმცა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის ოკუპაციის და მის ოპერირებაზე Rosatom-ის პასუხისმგებლობის გამო გაზრდილია მოწოდებები კომპანიის სანქცირებასთან დაკავშირებით.