საინვესტიციო ბანკ Gal&Taggart-ში აცხადებენ, რომ ენერგეტიკის დარგში მკაფიო წესები უნდა გაიწეროს, თუ რა პრინციპით და რიგითობით მოხდება გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ჭარბი გამომუშავებისას გენერაციის ობიექტების შეზღუდვა.
როგორც “საქმის კურსის“ ეთერში Gal&Taggart-ის წამყვანმა ანალიტიკოსმა განაცხადა, მათი რეკომენდაციაა, რომ პირველ რიგში შეზღუდვა ახალი წესებით გაფორმებულ პროექტებს შეეხოს, მოქმედი სადგურები კი რიგში ბოლოს უნდა იყვნენ.
ანა ჯეჯელავას თქმით, სისტემის საჭიროებიდან გამომდინარე, ჯერ მზის სადგურები უნდა შეიზღუდოს, შემდეგ პროპორციულად ქარის სადგურები და მოდინებაზე ჰესები, უკიდურეს შემთხვევაში კი წყალსაცავიანი ჰესები.
“პირველ რიგში იმაზე უნდა ვისაუბროთ, რომ წესები უნდა გაიწეროს. როგორიც არ უნდა იყოს ეს სისტემის საჭიროებებიდან გამომდინარე, ცხადი, ცალსახა, გაწერილი წესები უნდა იყოს ხელმისაწვდომი ბაზრის ყველა მონაწილისთვის, რომ წინასწარ რისკები იყოს ცნობილი, ვის როგორ მოუწევს [გენერაციის შეზღუდვა]. აქედან გამომდინარე, ეს სიცხადე რომ შემოვა, შემდგომ უკვე მართვის მექანიზმები თავად სადგურებსაც ექნებათ. ინვესტორებს მეტ-ნაკლებად სიცხადე ექნებათ, ახალ ინვესტიციებს როგორ მიუდგნენ.
პირველ რიგში, არსებული სადგურები არ უნდა შეიზღუდონ, იქიდან გამომდინარე, რომ არ იცოდნენ ამ შესაძლებლობის შესახებ, რომ შეიძლება ეს რისკი დამდგარიყო და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ახალი აუქციონის წესებში ალბათ სწორი იქნება, რომ პრიორიტეტი შეზღუდვების ნაწილში ბოლო ადგილას იყოს, ხოლო ახალ სადგურებმა, რადგან უკვე ეს რისკი მათთვის ნათელია, ეს გაითვალისწინონ უშუალოდ ტარიფებში.
შეზღუდვების რიგითობას რომ დავუბრუნდეთ, ალბათ უფრო სწორი იქნება გავითვალისწინოთ სისტემურად, საათობრივად უნდა შევხედოთ სისტემას და გამოიკვეთება, რომ დღის საათებში ალბათ ყველაზე სწორი იქნება, რომ მზის სადგურებს შეეხოთ ეს შეზღუდვები, იმიტომ რომ მათი გენერაცია ხდება ზუსტად იმ პერიოდში, როცა მოხმარება შედარებით შეიძლება იყოს ნაკლები სხვა საათებთან და სისტემებთან შედარებით. მათ აქვთ ეს ინერციის პრობლემა და უფრო სწორი იქნება, რომ უფრო მდგრადი სადგურების ოპერირება ამ საათებში, როდესაც სისტემას გამოწვევა აქვს. შემდგომ ვფიქრობთ, რომ რიგითობით პროპორციულად უნდა მოხდეს მოდინებაზე ჰესის და ქარის სადგურების შეზღუდვა და ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, უკვე სისტემას თუ დასჭირდება, რეზერვუარიან ჰესებსაც შეეხება ალბათ, თუმცა გამოვრიცხავთ, რომ ეს აპრობირებული მიდგომა იყოს”, - განაცხადა ანა ჯეჯელავამ.
აღსანიშნავია, რომ წელს მაის-ივლისში სადგურებს გამომუშავება მასშტაბურად პირველად შეეზღუდათ, რამაც ჯამში 0.5 ტვტ.სთ შეადგინა. ეს კი Galt & Taggart-ის შეფასებით, 67 მლნ ლარამდე მიუღებელ შემოსავალს ნიშნავს.
ამასთან, განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) ინფორმაციით, ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტებს დღესაც საშუალოდ 25-30%-იანი შეზღუდვა აქვთ. მაია მელიქიძის თქმით, ეს სექტორს სერიოზულ ზარალს აყენებს. მაია მელიქიძე ამბობს, რომ სექტორი სახელმწიფოსთან კომუნიკაციის გააქტიურებას ელის.
























