მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული რუბლი მკვეთრად გაუფასურდა - მიზეზები

63a1977569638
გიორგი თოლორდავა
20.12.22 15:08
10533
საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე რუსული რუბლის გაუფასურების მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება, ერთკვირიან ჭრილში რუსეთის ფედერაციის ეროვნული ვალუტის ღირებულება აშშ დოლართან მიმართებით თითქმის 9%-ით შემცირდა.

უფრო კონკრეტულად, ოფიციალური გაცვლითი კურსით, ამჟამად ერთი დოლარის სანაცვლოდ 69 რუსული რუბლის შეძენაა შესაძლებელი, გასულ კვირას კი აღნიშნული მაჩვენებელი 63 რუბლს შეადგენდა, რაც იმას გულისხმობს რომ მოკლე პერიოდში დოლარი რუბლთან მიმართებით მკვეთრად გამყარდა.

სავალუტო ბირჟაზე დაფიქსირებული ცვლილება რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული, პირველ რიგში, აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა და ინგლისის ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღეს, რაც იმას გულისხმობს, რომ დასავლური ვალუტები რუბლთან მიმართებით სიმყარეს იძენენ, ამერიკისა თუ ევროპის მასშტაბით საპროცენტო განაკვეთების ზრდის ფონზე კი, რუსეთის ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 7.5%-იან ნიშნულზე ტოვებს, რაც, ბუნებრივია, ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე ნეგატიურად აისახება.

მეორე ძირითადი ფაქტორი საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის გაიაფებაა, განსაკუთრებით კი რუსული Urals-ის, რომელიც უკვე მესამე კვირაა ბირჟაზე 52-57 დოლარის დიაპაზონში ივაჭრება, ანუ ბარელ Brent-ზე თითქმის 25 დოლარით იაფად.

მოგეხსენებათ, ნავთობი რუსეთის მთავარი შემოსავლის წყაროა, საბიუჯეტო შემოსავლების თითქმის ნახევარი სწორედ მის რეალიზაციაზე მოდის, შესაბამისად, რუსული ნავთობის გაიაფება ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უწყობს ხელს. უშუალოდ Urals-ის ფასის შემცირება კი ევროკავშირის მიერ ამოქმედებული ემბარგოთი და „დიდი შვიდეულის“ მიერ დაწესებული ფასის 60-დოლარიანი ლიმიტითაა განპირობებული.

გარდა ამისა, ვრცელდება ცნობები, რომ პრეზიდენტი პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ხანგრძლივი ომისთვის ემზადება, რასაც ინვესტორები და ტრეიდერები ნეგატიურ სიახლედ იღებენ, რადგან ომის გაგრძელება რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას და საერთაშორისო სანქციების სრული სიმძლავრით ამოქმედებას გამოიწვევს.

ზემოხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით, ამჟამად რუსული რუბლი მაისში დაფიქსირებულ მინიმალურ ნიშნულამდეა გაუფასურებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები